0 253

სიკვდილის წერილი


(ოლივერს)

ოლი. გწერ. ისე როგორც უწინ გწერდი და წერილს,
ქარს ვატან შენთან, ჩრდილოეთის იქნება ქარი,
რაც შენ წახვედი იმ დღის შემდეგ მოვუშვი წვერი,
ოლ.
ვიძინებ დილით, წინა ღამის ღამე ნათევი,
სულში კი მხოლოდ გადაღლილი უფალი არის
და რაც დრო გადის უფრო ხშირად ვეკამათები
ცოლს.
თვითმკვლელობების შემომიძრა სხეულში მახრა,
(ეს მე აქამდე არასოდეს არ მითქვამს შენთვის)
ჩემს ყოველ სიზმარს სიკვდილი და წამება ახლავს
წელს.
უფრო და უფრო ატანილი ვყავარ ფორიაქს,
ასე დროდადრო მეღუპება კუთვნილი ღმერთი
და მაშინ როცა ჩემს სათქმელსაც შავი ფონი აქვს,
გწერ.
მე სულ ფეხებზე დავიკიდე ლექსი და სიტყვა,
მთავარია რომ შენ მოგწონდეს რასაც ვწერ ოლი,
რაც უნდა მეთქვა რა ხანია ჩემამდე ითქვა,
დროს –
ვუყურებ ცრემლის სათვალით და ვიმძიმებ კისერს,
თოკით რომელიც განკუთვნილი ყოფილა მხოლოდ
ჩემთვის, გავდივარ სხეულიდან, გარეთ კი ისევ –
თოვს.
კომენტარები (0)