დუელი და დუელი


დროა ოლივერ,
ეს დუელი ამ ღამით შედგეს,
დროა ოლივერ,
თორემ შიგნით იმდენად დათბა,
ვაშუქებ ლექსებს საკუთარი
წარსულის რენტგენს
და სტრიქონები სასულეში
რჩებიან ასთმად.
დროა ოლივერ,
მოგიხადო ბოდიში რახან,
დროა ოლივერ,
მომიხადო ბოდიში – ორი,
წვიმით ევსება
დედამიწას ცისფერი ხახა,
ჩვენ კი კვლავ ვდგავართ
ერთმანეთს და ერთმანეთს შორის,
რადგან ჩვენ ორნი, ერთი ვართ და
ვიყავით ასე,
გამოგონილი რომელი ვართ
ვკამათობთ ხშირად,
ვითვლით ნაოჭებს, არტერიებს,
გაწყვეტილ ხაზებს
და ხელის გულზე იკვეთება
აღდგომის კვირა.
დროა ოლივერ, ვაპატიოთ
სულ ყველას რაც კი,
აქამდე გვახსოვს,
იმ წლებიდან, იმ ძველი დროდან,
სარკეში ჩანს რომ პიჯვარს ვიწერთ
მარცხნიდან მარჯვნივ,
ჩვენ კი პირიქით ვაკეთებ და
ერთერთი ვცოდავთ –
ჩემო ოლივერ
და ამიტომ შევუნდოთ ყველას,
თორემ დუელი შედგება და
შედგება უმალ,
მაგრამ ჩვენ ერთი თუ დავრჩებით
ცოცხალი მხოლოდ,
მაშინ მეორე რა სინდისით
აუხსნის უფალს –
რომ მართლა დროა,
ეს დუელი ამ ღამით შედგეს,
დროა ოლივერ,
ვიბნევი და იმდენად დათბა,
ვაშუქებ ლექსებს
საკუთარი წარსულის რენტგენს
სტრიქონები კი სასულეში
მრჩებიან ასთმად.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი