0 684

ზიხარ


ზიხარ უბრალო ერთი,
საკუთარ თავთან
ზიხარ,
ისე რომ წვიმა
ფილტვებს
ნახევარი ცით ავსებს,
პოეტის სული გაქვს და
ოცდაორი წლის თიხას
შენი სხეულის ფორმა
შემოუცმია ტანზე.
ხალხი მოძრაობს, ხალხით
ქუჩა სველია,
ზიხარ,
ვიღაცის გულში ალბათ,
ზიხარ უბრალოდ ერთი,
ყველას აშორებ
(ცდილობ)
არარაობის ნიღაბს,
შენ კი სარკესთან ხვდები
ვერ მოგიცლია შენთვის
და ზიხარ ასე უბრად,
დედამიწასთან ახლოს,
ზიხარ მემილიარდე
ცაზე, შავი ზღვის დონით,
ხერხემალში გაქვს ქუჩა,
ხერხემალში გაქვს სახლი,
ხერხემალში გაქვს ლექსი,
ხერხემალში გაქვს მგონი
სკამი, რომელზეც
ზიხარ.
თამაშს თამაშობ ორმაგს,
ყველა სახსარი გტკივა
იმდენნაირად ზიხარ,
პოეტის სული გაქვს და
შენი სხეულის ფორმა,
შემოუცმია ტანზე
ოცდაორი წლის თიხას.
კომენტარები (0)