სოფლიდან


მოვალ და გზაში ისე ვღონდები,
თითქოს ბეჭებში გამჩრია დანა,
მიტოვებული ძველი ოდებიც,
წვერგაპარსული მღვდლებივით ჩანან –

გზიდან, წარსულიც აწმყოს ევნება,
გავმხდარვარ ჩემი თავისვე გიდი,
მოვალ და გზაში მრჩება შეგრძნება –
თითქოს მომაკვდავს ვუმალავ სიკვდილს...

გზაა იმდენად გრძელი და ფართო,
რომ დაღლილობა ქანაობს მხრებზე,
ზამთარია და საერთოდ არ თოვს,
მე კი თოვლიან ზამთარში გეძებ,

გეძებ და ღამე შემოდის სახლში,
ღამე ერთბაშად ცივი და მდარე,
ხოლო შენ ზიხარ ზეცასთან ახლოს
და ცერა თითით იპარავს მთვარეს...

მე კი გტოვებ და გზაში ვღონდები,
თითქოს ბეჭებში გამჩრია დანა,
მიტოვებულა ძველი ოდებიც
და წვერგაპარსულ მღვდლებივით დგანან!...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი