შუახევი


აცრემლებული თვალებით ვხედავ,
წელში მოხრილ და მოხუც შუახევს,
შემდეგ ცრემლებში ამოდის მზე და
მზიდან ჩამოდის დაბლა – შუადღე.

ცარიელდება სოფლებიც დრო და
დრო. მიაქვთ ქარებს ძველი სიზმრები,
მეც ამ წყეული ქარივით ვშფოთავ,
ვდგავარ ნისლში და ნისლით ვივსები.

ეს ცა სხვა ცაა ღრუბლის გარეშე,
ოქტომბრის ნოტებს უკრავს კრამიტი,
ყურს ვუგდებ წვიმას და სისხლძარღვებში –
სისხლის მაგიერ ლექსი დამიდის.

უახლოვდება სხეული – ზეკარს,
ბორგავს სული და მზეა თანმხლები,
თითქოს დრო სოფელს ნელ-ნელა კენკავს
და მარცვლებივით ჩანან სახლები.

მივდივარ და კვლავ როდისღა ვნახავ,
ამ სოფლებს, ამ მთებს, ამ ტყეებს – მორიგ..
და მრჩება გული ძველსა და ახალ
შუახევსა და შუახევს შორის
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი