ქარია, ქუჩა ხმაურობს, შფოთავს ..


ქარია, ქუჩა ხმაურობს, შფოთავს,
მორიგი დილაც იმღვრევა ცაზე
და შენი სუნთქვა ისრუტავს ოთახს
და შენი თმები ჩემს ფილტვებს ავსებს.

ქარია, ფანჯრებს შემოაკონეს
თოვა, – თებერვლის ვრცელი რომანი
და მთვარე ისეთ პოეტს გვაგონებს
საკუთარ ლექსზე დიდი რომ არის.

ქარია, ქარი მთელ ქუჩას ხვეტს და
მათხოვარს ვაძლევთ რკინის ლარიანს,
შემდეგ მის გამჭოლ მზერაში ვხედავთ –
„ოთახში როგორ თბილად არიან“

შემოგვყავს სახლში და ქრება სევდა,
ქარია, თოვლი ფარავს ფილაქანს
და ვერც კი ხვდება ოთახზე მეტად,
მაგ დროს სულში რომ უფრო თბილად ვართ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი