ნახე


ნახე ეს ღმერთი, ესეც მიწა, ესეც მზე, აი 
შენ და სამშობლო, წინაპარი, ტაძარი, ტაო,
თავზე ცასავით რომ დაგყურებს წარსულის ცაა
და ამ ბოლო დროს ალბათ ხვდები რომ შიგნით ვდაობთ
მეჩეთზე, ესეც საქართველო, თაობა, ერი,
მაღალ ხარისხში აყვანილი საუბრის ტაქტი,
რომელიც თავის ისტორიას უკუღმა მღერის,
როგორც ასეთი მაგალითად მოიყვანს ტრაქტატს
გრიგორიევსკის, სასაცილო წარსული, მესა,
იმედი, ვეღარც იმედოვნებ რა გელის ბოლოს, 
საკუთარ რწმენას ერთმანეთის თვალებში ვთესავთ
და გაყიდულ ღმერთს ვახურდავებთ მხოლოდ და მხოლოდ.
ნახე ეს ბავშვი, ესეც დედა და მამა ნახე,
ესეც ამინდი, გალაქტიკა, სიცრუე, წარღვნა
ახლოა ხვდები და ყველა გზის ბოლოში მახე,
რომელიც უნდა საკუთარი ტაძრებით გაღრღნა.

ესეც სოფელი, ბავშვობა და მინდორი, ველი,
მამა რომელიც უიმედო მომავლის საჭეს
ვერ მართავს და სულ პირჯვარს იწერს მარცხენა ხელით,
რადგან საკუთარ თავთან მაინც მართალი დარჩეს
სარკეში...
-
ნახე ესეც სარკე, ნახე ეს ბაღი
გაშენებული, ქორწილები, ვენახი ნახე,
რომელსაც ვყიდით და უბრალო კითხვაზე - რა ღირს
ღვინოზე მეტად გვიწითლდება იაფი სახე...
ხოლო თავზე რომ გადმოგვყურებს წარსულის ცაა
და ამ ბოლო დროს სულ მტკივნეულ თემებზე ვდაობთ
ნახე ეს ღმერთი, ესეც მიწა, ესეც მზე, აი 
შენ და სამშობლო, წინაპარი, ტაძარი, ტაო!...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი