წასვლა


იყავი მარტო, შენზე მარტო, იმის უფლებით,
რომ ირგვლივ ყველა დასაშვები ჩქამი განაბე,
უცქერდი ზეცას და თვალებში გედგა ღრუბლები,
ფანტელები კი ფანჯრის მიღმა თოვდნენ არაფერს...

ყველა ნაფეხურს თოვლი დილით ისევ ავსებდა,
შუაღამით კი ერწყმებოდა მიწა პელაგონს,
შენ "დავიღალე" სახე გქონდა იმ დღეს სავსებით
და თაროებზე გამოვლილი წლები გელაგა.

ჩანდი ასეთი, უყველაფრო, თუმცა არ ჩანდა
ასეთ ამინდში საცნაური შენი ბუნება,
იყავი მარტო, შენზე მარტო, ვერც კი ამჩნევდი,
ტელეფონი რომ რეკავდა და აკაკუნებდნენ,

აკაკუნებდნენ და ზამთარი ბეწვზე ეკიდა,
ოთახს ათბობდა ცხელი სუნთქვა, ხოლო ეგ ცივი
სეზონი თითქოს გამოწოვილს ჰგავდა ნეკიდან,
ალბათ იმიტომ, იმის გამო, რომ ამ ლექსივით

მოვსულიყავი მარტოობის მღვრიე ტაძართან,
ყოჩივარდები მომეტანა, როგორც სანთლები,
მაგრამ შენ ჩემზე კარგად იცი რომ არ დაგვცალდა,
ვყოფილიყავით ერთმანეთთან ისე მართლები

როგორც ეს ღამე, ეს ზამთარი არის სეზონთან,
უკვე ასეთი მერამდენე წელი დავთვალე,
დაღამდა, თოვლმა გაირბინა მთელი ეზო და
ვერაფრით ვეღარ დაეწია მაგ შენს ნაკვალევს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი