იანვრის დღეებიდან


ის ერთი ქალი და ერთიც გოგო,
იმ ქალის შვილი,
გამოჩნდნენ თოვლში,
ელოდებოდნენ ავტობუსს როგორც
მათ გამოჩენას ველოდებოდი.
ციოდა უფრო მეტად იმაზე,
ვიდრე სიცივეს ნიშნავს...
და ანკესივით გადავაგდე მე მათ თვალებში,
ჩემი თვალების მიჯნა.
დედა მოჰგავდა სიტყვას „სავსე“
გოგონა „შარმი“
თვალს აღარ მჭრიდა თოვლი,
გზაზე მზერა ეფინა,
როგორც გასამზეურებლად გამოტანილი
ტანისამოსი, ანდაც ლეიბი,
რომელიც მხოლოდ სიძველის სუნს ჰფანტავს
და სხეულისას იტოვებს,
ანდა პირიქით.
ისინი თითქოს ერთ სხეულად ჩანდნენ
გარეთ კი,
თრთოდნენ ხეები,
თითქოს ჭიპლარი ერქვა იანვარს,
იკარგებოდა ამ სურათში ვნება და სიცხე,
ვფიქრობდი ლექსი დამთავრდებოდა
ავტობუსის მოსვლისთანავე.
„ყველა ლექსი ხომ შიგნით დაწერილია უკვე
და ჩვენ ვიხსენებთ, გამოგვაქვს, ვხრეპთ,
ალბათ პოეტიც იგია ვინც ვერ მოახერხა ამ სულიერი
წყვდიადის გათავისუფლება და მის თავში ჩარჩა“
ანდა პირიქით.
ის ერთი ქალი და ერთიც გოგო,
იდგნენ ერთად და ვიყავი მათში,
როგორც აურა,
როგორც თოვლი,
როგორც ლოდინი.
კარგა ხანს არ ჩამოუვლია ავტობუსს...
გიჟია - ჩაილაპარაკა ქალმა.
გოგონას გაეღიმა,
მე კი დავრჩი ასე, უბრალოდ,
სიტყვასა და ღიმილს შორის,
როგორც ენის სასათან მიტანა,
- ყოველ დილით აქ როგორ უნდა იყოს,
აშკარად ჩვენ გვითვალთვალებს -
აგრძელებდა ქალი...
"ქუჩაზე ბავშვი გადაყავდა მუხუცს,
ანდა პირიქით"
ათი სრულდებოდა მზე რომ ამოვიდა,
ათი რიცხვის ათი საათი,
იორთქლებოდა არდაბაგი და ინთებოდა სახლები
ალიონივით, გარდა მაგის -
ჯიხურთან, შუახნის მამაკაცმა
გაზეთი სათვალეებში გადაიწერა,
გამოჩნდა ავტობუსიც,
ერთიც ქალი და ერთიც გოგო,
იმ ქალის შვილი, გუშინდელივით
მიღიმოდა ფანჯრიდან,
მე კი ვუცქერდი
და ვგრძნობდი თუ როგორ ნელ-ნელა
თბებოდა გული -
ფეხსაცმელში შესული წყალივით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი