სეანსი


გარდამოხსნაა პოეზია, საკუთრივ ხორცის
სულიდან. სულის გარდამოხსნა რთულია მეტად
და წელთაღრიცხვაც საკუთარი, გაჩრილი ორ ციფრს
შუა, საიდანც ამ ბოლო დროს თვალნათლივ ვხედავ
თუ სახლი როგორ იტკეპნება დუმილით. დუმილს
ანაცვლებს თოვა, ამ ქალაქის ეს თეთრი ლექსი...
და ჩვენს ოთახში სიჩუმეა იმდენად ჩუმი,
რომ ფანჯრებს მიღმა თითო-თითო ფანტელი გვესმის.
სად დამთავრდება ეს ამინდი ვერ ვხვდებით თვითონ,
სიზმრებისაკენ ილანძება ბრწყინვალე ფლირტიც
და მე ვრწმუნდები - შეუძლია მარტივად ზიდოს
ეს ჯვარი ასეთ საღამოში დამწყვდეულ ინტიმს!...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი