წინაპირობა


საბას

ჩვენ შეგვიძლია საათობით ვიდგეთ
საკუთარ თავზე მაღლა, თუმც
ცხოვრება ქვიშის საათია მამ.
ამ საათის ორი ნახევარი ვართ მე და შენ.
ამჯერად მე ზედა, შენ ქვედა და ივსები -
ჩემით, წინაპრებით, სიცოცხლით, ასეა,
დრო გადის, წამზომია ჩართული.
ცხოვრება ქვიშის საათია მამ.
ამ საათის ორი ნახევარი ვართ შენ და მე.
ამჯერად შენ ქვედა, მე ზედა და ვიცლები -
სისხლით, მამაჩემით, სიცოცხლით, ასეა,
ყველაფერი ბრუნავს და ტრიალებს,
სყველაფერი იცვლება ერთგვარად.

ჩვენ ხომ უფალიც ჩვენს ფიქრებში გამოვიგონეთ
და მორწმუნენი ერთმანეთის გამო ვიყავით.
მამ. ეს ტალღები შენს ნაპირზე ამ ცხელ სტრიქონებს
ერთ დღესაც მკვდარი თევზებივით გამორიყავენ.

იდგება დილა, მისი შარმით, მისი ლოცვებით,
დატბორავს ხანა ყველა ანდერძს, ყველა პასეანსს,
ადრე ვიბრძოდით რომ სიკვდილის შემდეგ გვეცოცხლა,
ახლა არ ვიბრძვით, მაგრამ გწამდეს ისევ ასეა -

და შენ მომძები სიბნელეში ხელის ცეცებით,
შემდეგ მიხვდები - თუ როგორი მძიმე წლებია,
აკრეფ და ხელში ნაგროვები მკვდარი თევზები,
თაროზე ნაპოვნ ლექსებივით გაცოცხლდებიან.

ჩემს გასვენებაზე კი
შენ ქვიშის საათის (ამჯერად) ზედა მხარე და დაცლილი,
დამხედავ მე, ქვიშის საათის (ამჯერად) ქვედა მხარეს და სავსეს,
რომელსაც ექნება საფლავის ფორმა და
ხალხმრავლობის გამო ტირილს შეიკავებ,
როგორც მე, მამაჩემის დასაფლავებისას!...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი