თომა ბოლქვაძეს


ცხოვრება ასეა ჩემო თომა, 
თავი მუდამ უნდა ალოთო, 
მერე ისევ მოვა შემოდგომა, 
მერე ისევ ისე ჩამოთოვს. 

ბათუმს შეემჩნევა ალერგია, 
წითლად დააყრიან კვირტები 
ალბათ შეგვინახავს რელიქვიად,
როცა უკვე აღარ ვიქნებით. 

ვიღაც მოიგონებს გაგონილებს,
სიტყვებს, ისტორიებს მოყოლილს,
ჩვენ კი იმნაირად დავსრულდებით
როგორც ხეზე ბოლო ფოთოლი -

მარტმაც ატმის ფიფქი შემოთოვა, 
დღეებს ვუყურებდი ფანჯრიდან, 
ცხოვრება რთულია ჩემო თომა, 
თუ კი სიცოცხლისთვის დაგჭირდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი