სალომე ბენიძე - ფოტო

სალომე ბენიძე

მწერალი, პოეტი

ბერლინი. იანვარი

ამ ყრუ კედელთან დახვრეტილი ანგელოზების
ნაცრისფერ გვამებს გადმოაბიჯე
და ისე მოდი,
რადგან გზები გვამების გავლით ოდითგანვე უფრო მოკლეა,
ვიდრე სხვა გზები, შემოვლითი და შორეული.
თანაც, თოვლში ხომ არასოდეს არ ჩანან ჯვრები,
არც სახელები, არც გვარები
და არც თიხის ძველი ქოთნები,
ჩამომხმარი ყვავილებით ამოვსებული.
გადმოაბიჯე აქ ჩამარხულ სიცოცხლეებს,
რომ ჩემთან მოსვლა წამითაც არ დაგაგვიანდეს.
არ შემახსენო,
რომ ერთ დღეს ყველა მიმატოვებს,
რადგან ვიცხოვრე დაყოფილმა ათას ნაწილად
და საკუთარ არსებობას ვერ იქნა და ვერ შევეგუე.
არ შემახსენო,
რომ გჭირდება,
შენს სულს ჭირდება,
მოხსენიება ჩემს ჯერაც უთქმელ ღამის ლოცვებში _
ისედაც ვიცი,
ვერ გადავრჩებით უერთმანეთოდ.
და როცა წასვლას დააპირებ,
ამ ყრუ კედელთან დამარხული, დავიწყებული ტკივილების
სასაფლაოებს შემოუარე
და ისე წადი,
მინდა, რომ დიდხანს გიყურებდე ჩემგან მიმავალს.
მერე გახდება ყველაფერი უფრო ადვილი
და როცა სიკვდილს გადაწყვეტ, არ დაგავიწყდეს _
ფერადი კაშნი,
ჩრდილოურ ზამთრის ღამეებში რომ მოგიქსოვე ხელის კანკალით,
გამოდგება ერთ დღეს თოკადაც _
ისე მოვქსოვე, რომ გაუძლოს სიმძიმეს შენსას,
შენი თეთრი სხეულის და
გულის სიმძიმეს, სადაც მე ვცხოვრობ.
და ამ თოკზე რომ გიპოვიან ჩამოკიდებულს,
გალურჯებულს და მოქანავეს,
ძველი საათის მორყეული ქანქარასავით,
მე გავიღიმებ
და ვიტყვი, რომ გაქცევაში დაგეხმარე,
ისე მიყვარდი.