შემოდგომა. წერილი მეორე და ბოლო.


ნუ გიყვარვარ ასე ძალიან,
ასე ხშირად ნუ გახსენდები,
ჩემზე ლაპარაკისას ნუ გიბრწყინავს თვალებში
ჩვენს ქალაქებს შორის გაჭიმულ ცაზე გამოკიდებული
ყველა ვარსკვლავი.
ნუ გიყვარვარ ასე.
არ ვიცი, როგორ მოგირგო და მოგიახლოვო,
არ ვიცი, საიდან შემოგიარო და გითხრა,
რომ ჩემში არაფერია კარგი,
რომ სინამდვილეში, ერთი ეგოისტი, ისტერიული გოგო ვარ,
რომელიც წინდებივით იცვლის გზებს,
რათა არასოდეს აღმოჩნდეს იქ,
სადაც ეძებენ.
ნუ გიყვარვარ ასე.
მე არ შემიძლია, სიჩუმით აგივსო სახლი,
შენი მოწოდებული ჩაი მშვიდად დავლიო საღამოობით
და შენს გაშლილ საწოლში ტკბილად დავიძინო.
უფრო მეტიც _ ძილი საერთოდ არ შემიძლია.
მხოლოდ ხანდახან მინდება შენი ნახვა,
ხანდახან მინდება, კარზე დაგიკაკუნო
და შენს თვალებში დავინახო ჩემი თავი _
ისეთი ლამაზი, როგორიც მხოლოდ ჩრდილოეთში შეიძლება, ვიყო
და სხვაგან არსად.
მხოლოდ ხანდახან მინდება,
ჩამოგიჯდე ფანჯრის რაფაზე,
შენს ფართო, ღონიერ ხელებს დავხედო და გითხრა,
რომ მე ერთხელ უკვე მიყვარდა,
მიყვარდა ბიჭი, რომელიც უძირო კასრი აღმოჩნდა _
დიდხანს ვიწვიმე და მაინც ვერაფრით ამოვავსე.
ახლა კი მე თვითონ ვარ თვალღია უფსკრული,
რომელიც გიყურებს და ამბობს:
ნუ გიყვარვარ ასე,
ნუ გიყვარვარ ასე ძალიან.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი