0 405

სტამბულის აეროპორტი. სამი განზომილება. ცხადი.


არ შეგეშინდეს ჩემთან ერთად ფრენის,
მიწაზე ჩემთვის დედა ლოცულობს,
ღრუბლებიდან მიყურებს მამა,
და რადგანაც ჩემი ყოველი გასვლა ჰაერში
არის აღდგენა ჩემი ოჯახის დარღვეული წონასწორობის,
არასოდეს ჩამოვვარდები.
არ შეგეშინდეს ჩემს გვერდით ცხოვრების,
საკმარისზე მეტხანს ვიარე უსწორმასწოროდ,
საკმარისზე მეტად მტკივა ფეხისგულები,
ჩემი კვერიც გამოცხვება, ისე, როგორც ხდება ზოგადად,
ოღონდ მანამდე ჩემი წვიმების,
ჩემი ხშირი ჭექა-ქუხილის,
ჩემი უხმო, შენიღბული უბედურების არ შეგეშინდეს.
იცი, ბოლო დროს ხშირად ვლოცულობ
აეროპორტების მოსაცდელ დარბაზებში,
თვითმფრინავების სალონებში,
ტურბულენტურ ზონებში,
უფრო ხშირად - უთავსაფროდ,
რადგან ყველაზე მართალი სიტყვა მაინც შიშია.
ხშირად ვლოცულობ ჩემი მშვიდი ფრენისთვის ცაში
და შენი მწვანე გზებისათვის დედამიწაზე,
რა ვუყოთ, რომ მუცლის ღრუში
ყრუ და მტანჯველ სიცარიელედ დაიბუდა უშენობამ.
თუკი ეს არის ჩემი და შენი არშემდგარი ერთად ყოფნა,
და თუკი ამას დაერქმევა ჩემი ცხოვრების წონასწორობა,
არაფერს ვიტყვი -
შენ და ღმერთმა დაიმსახურეთ, თუნდაც ერთხელ,
მხოლოდ ერთხელ მორჩილი ვიყო.

სიზმარი
ვაი მას, ვინც განიდევნა აღთქმული მიწიდან,
ვაი მას, ვისაც გაუჩეხეს ზეთისხილის მწვანე ბაღები,
ვისაც სახლის გასაღებიც არ შეარჩინეს,
ვისაც მიყვნენ კარიბჭემდე
და ვისი სულიც მძორივით გადმოკიდეს გალავანზე,
ვაი მას, ვისაც ღიად დარჩენილ თვალებში
გაუშრა ერთადერთი ცრემლი - კონსტანტინოპოლი.
მე ვთქვი, რთულია ჩემთან ბრძოლა - ვიღებ მუზარადს,
ვახსენე ღმერთი,
ბასრი არის ჩემი მახვილი,
რადგან არავის გაუგია ჩემი მუდარა
და ზღვას ერევა სისხლი, ცრემლი, ბოღმა, ნახველი,
დავხუჭავ თვალებს, ხელისგულებს ზეცას შევუშვერ,
რთული ყოფილა საკუთარი თავის მხილება,
იწვიმოს, დაე, ამ სრუტესთან, რომ ჩემს სხეულში
გაზაფხულობით გაიხარონ ზეთისხილებმა.
ვაი მას, ვინც ზურგი აქცია ზღვის ჰორიზონტს და მთებისაკენ გადაინაცვლა,
ვაი მას, ვისაც ახლად ფეხადგმულს
ტერფებს წვავდა უცხო მიწა - უცხო სამშობლო,
ვაი მას, ვისაც წილად ერგო მოძმეთა ხორცით დანაყრებული თევზის ჭამა,
სისხლიანი პურის ცხობა,
მეორემოცე დღეს დასაძმარებლად განწირული ღვინის დაწურვა,
ვაი მას, ვისაც მხოლოდ სიზმრებში უნახავს კონსტანტინოპოლი.

ფიქრი
ბოლო დროს დამჩემდა -
გამოფრენამდე დიდხანს ვდგავარ სარკის წინ,
საკუთარ თავს ვაკვირდები,
ვისწორებ კაბას.
იქნებ ამაღამ ჩემზე ფიქრმა გამოგაღვიძოს,
იქნებ სწორედ დღეს მოგინდეს და აეროპორტში დამხვდე.
კომენტარები (0)