ამბავი უპოვართა


1.
ვერ დავთვალე ზღვაში ქვიშა -
მე ზღვა წამართვეს,
როცა მოვიდნენ, ვიჯექი და ქვიშას ვითვლიდი,
აკეცეს და წაიღეს ჩემი ზღვა - ტირილიც კი ვერ მოვასწარი.
ვერ დავთვალე საშაქრეში შაქარი -
მუდამ ცარიელი იყო.
ვაგორე და ვაგორე ოღრო-ჩოღრო იატაკზე საშაქრე
და როცა მოშინაურებული თაგვები შიმშილით დამეხოცნენ,
გამახსენდა, როგორ შეჭამა კატამ თაგვი წინა ღამით მოსმენილ ზღაპარში
და სიკვდილისგან ვიხსენი მაწანწალა კატა.
მითხარი, ვინ დათვალოს ხუთი პური და ორი თევზი
და მათ მისაღებად რიგში ტალონებით მდგარი ხალხი,
და მაღალღობიანი სახლებიდან გადმოყრილი ნარჩენები,
და ტომრებიდან რუდუნებით განაწილებული,
დაობებული რუხი ფქვილი,
და ხელოვნური რძე,
და ხელოვნური სიყვარული,
რომელიც ყველაფერ სხვაზე სასტიკად კლავს,
და ქუჩაში სიკვდილი,
და ომში სიკვდილი,
და ბრმა ტყვიით სიკვდილი,
და შიმშილით სიკვდილი,
და შიშით სიკვდილი,
ვინ დათვალოს.
მითხარი, როგორ გამოვიანგარიშო ჩემი ცხოვრება,
როცა ფორმულა კოჭლია
და ვერავინ აწონის მიწას, რომელმაც შეჭამა მამაჩემი,
და ვერცერთი ჭურჭელი დაიტევს ცრემლებს,
რომელმაც დედაჩემი დააბერა.
ვინ დათვალოს მარილი,
რომელიც არასოდეს ეყარა სამარილეში -
მხოლოდ ცრემლებში იყო,
ან ის მარილი ვინ დათვალოს,
ის საბედისწერო თექვსმეტი ფუთი მარილი,
რომელიც გვჭირდება მეგობრის გასაცნობად,
ანდა საერთოდ, ვინ დათვალოს მეგობრები,
რომლებიც ისედაც ცოტანი არიან და
მაინც ვერ ითვლი.
ვინ, ვინ დაგვთვალოს ადამიანები,
რომლებიც ვცხოვრობთ უსასრულო სიცარიელეში,
რადგან ცა ქუდად არ მივიჩნიეთ და
დედამიწა ქალამნად,
და დავრჩით ასე, თავშიშველი და ფეხშიშველი -
ორივემ მიგვატოვა.

2.
მე ვყიდი ჩემს ფერად კაბებს,
განსაკუთრებით იაფად ვყიდი მის გამო ნაყიდებს,
მის გამო შეკერილებს,
მის გამო სიმაღლეგაზრდილ ქუსლებზე გადაკრულ
პრიალა ტყავებს,
ვყიდი გროშებად,
რომ ეს გროშები დავურიგო პატარა გოგონებს
სევდიანი თვალებით,
რომლებსაც ბედნიერება ჰგონიათ დიდი კარადა,
რომლებსაც ბედნიერება ახალი ტანსაცმელი ჰგონიათ,
ვყიდი საკუთარ სიყვარულს,
რომ ვერავინ, ვერავინ დათვალოს გათენებული
ღამეები,
ჩადენილი სისულელეები,
ვერავინ დათვალოს სუნამოს წვეთები და
თმის გათეთრებული ღერები,
ვყიდი ჩემს მოჩვენებით ბედნიერებას -
გრძელია გზა ნაცრისფერი ბავშვობიდან ყვითელკაბიან ქალობამდე,
მაგრამ უკანდასაბრუნებელი გზა უფრო მოკლეა.
ვყიდი, რადგან ჩემი სიყვარული აღმოჩნდა
ისეთივე ტყუილი,
როგორიც ჩემი სიზმრები იყო.
მე მინდა, იცოდნენ გოგონებმა,
რომლებიც დგანან ქუჩაში და ჭუჭყიანი ფრჩხილებით ებღაუჭებიან
ჩვენს უბადრუკ ფუფუნებას,
მე მინდა, იცოდნენ გოგონებმა,
რომლებიც მხედავდნენ მასთან ერთად
და შურდათ ჩვენი არარსებული ბედნიერების,
რომ მათი ოცნებების ასასრულებლად,
ჩემი ტკივილების დასამშვიდებლად,
მე მინდა, გავყიდო ჩემი ისტერიულად
ფერადი ცხოვრება
და ვთქვა, რომ კარადა სხვა არაფერია,
თუ არა კუბო,
სადაც ვკეტავთ და ვმარხავთ განვლილი
დღეების ფერებს და სუნებს,
რომ არ დავიხრჩოთ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი