სიკვდილის სიმღერა


მე მინდა, თეთრად თმადათოვლილ გზებს შორის ვიწვე,
და ჩემი კანის სურნელება წვდებოდეს ცამდე,
თვალებგამშრალი ვუყურებდე მზით გამთბარ წიწვებს,
და ფერმკრთალ სიზმრებს დავიწყების კოცონზე ვწვავდე.
მე მინდა, ჩემი ოქროსფერი ნაწნავის სიგრძე
წვდებოდეს უფსკრულს და სიბნელის შვილებს კვებავდეს,
ქვიშის პირბადე სათქმელივით მეფინოს პირზე
და თავს არავინ მახსენებდეს გათენებამდე.
მე მინდა, აღარ მაშფოთებდეს სურვილი ბრძოლის
ტუჩს შევატოვო, რაც ხმამაღლა არ იმღერება,
არავის დედა, არავის და, არავის ცოლი,
ვიწვე და ვგრძნობდე, როგორია ბედნიერება,
ბედნიერება აღარყოფნის, სადღაც გაქრობის,
რომ არავისთან დაბრუნება აღარ მომინდეს,
და ჩემი თეთრი მხრების ნაცვლად გაჩნდეს მაღლობი,
და ჩემი თეთრი თითებიდან მზე ამოვიდეს.
და ვიქცე მიწად, ისე, როგორც ბევრჯერ ვინატრე,
არხევდეს ქარი ყვითელ ფოთლებს, მზით გამთბარ წიწვებს,
და ჩემი მშრალი თვალებიდან გაჩნდეს სინათლე,
მე კი არაფერს აღარ ვგრძნობდე,
უბრალოდ, ვიწვე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი