0 1424

დღეები


არის დღეები, როცა მენატრები,
როცა ვწვები ზურგზე,
და ხელებს, როგორც ფრენადავიწყებულ,
მოტეხილ ფრთებს,
გახამებულ მიტკალზე ვერტიკალურად ვალაგებ,
როცა მინდება, თავს ზემოთაც იყოს ძალა,
მაგრამ არ არის.
 
არის დღეები, როცა გიხსენებ,
როცა სულის ერთი შებერვით,
სანთლებივით ვაქრობ თვალებს,
და შენი ცხოვრების ფსკერზე
ისე საშიშად ვდუმვარ,
როგორც წყალი სახლის საძირკველში.
 
არის დღეები, როცა ვტირი,
როცა ვემსგავსები შემოდგომის ნაწვიმარ მინდორს,
როცა ვეღარ ვცნობ
გადამფრენი ჩიტების ჩრდილებს
და ვეღარ ვგრძნობ
მიწისქვეშა წყაროების დინებას.
 
არის დღეები, როცა მიყვარხარ,
როცა მეყინება სისხლი,
როცა შუშის ყუთში ვსახლდები, რომ ვერავინ მომეკაროს,
როცა მიცვალებულივით ვიღიმი
და გაყინულ ფანჯარაზე ლამაზი ვარ,
არის დღეები, როცა მიყვარხარ,
და შენს მდინარეში მეორედ შესული,
ვწევარ ქვებზე და ვნატრობ წყალდიდობას
აგვისტოს გვალვაში.
 
ჰო, არის ასეთი დღეებიც,
რომლებიც შენ, უბრალოდ, გამოტოვე.
კომენტარები (0)