მე მოვედი გაზაფხულის ნაწვიმარი ტყეებიდან ..


მე მოვედი გაზაფხულის ნაწვიმარი ტყეებიდან
და მოვიტანე სურნელი
სველი ფოთლების,
თოთო ბალახის,
მიწის და წყლების,
რომლებიც არსაიდან მოედინებიან.
 
მე ახლაც ისეთი ვარ,
როგორიც გახსოვდი შორეულ მოგზაურობებში,
როგორიც ვიდექი აივანზე
და ვუსმენდი თვითმფრინავებს,
ზოგიერთ მათგანს მიჰყავდი,
ზოგიერთი _ გაბრუნებდა,
მე კი მაშინაც ასე მტკიოდა თვალები,
ასე მტკიოდა შუბლი
და ტუჩებიც ასევე ვერ მიმქონდა ერთმანეთთან ახლოს.
მაშინაც ასე მიყვარდი,
სულ ეს იყო.
 
მე მოვედი მეორედ,
ზუსტად მაშინ, როცა ხეებმა უთხრეს ერთმანეთს,
რომ ასე დგომა აღარ შეიძლება,
მხრები ჩამოიფერთხეს და წამოდგნენ,
მე მოვედი მეორედ,
როგორც მოდიან მხოლოდ ისინი,
ვისაც წასასვლელი არსად აქვს,
ვისაც წასასვლელი არავინ ჰყავს,
მოვიშორე საღებავით დამძიმებული წამწამები,
მოვიხსენი დამტვერილი მხრები
და გავიფიქრე:
რატომ, რატომ დაგვიანდა ასე გაზაფხული,
თუკი შენს კანს
ჯერ კიდევ ახსოვს
ჩემი ხელების სითბო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი