სალომე ბენიძე - ფოტო

სალომე ბენიძე

მწერალი, პოეტი

ყოველ ღამით ..

ყოველ ღამით,
როცა ოთხად მოკეცილი საბანს ვიფარებ,
არ მაძინებს დარდი,
დარდი უსწორმასწოროდ გაფენილ სარეცხზე.

კიდევ კარგი, ვერ ხედავს დედაჩემი,
კიდევ კარგი, კილომეტრები გვაშორებს და ვერ ხედავს,
გული ეტკინებოდა _
ვერ გამოვადექი,
ვერ ვივარგე ოჯახისთვის,
ვინმეს გვერდით საცხოვრებლადაც ვერ ვივარგე.
არსებობს ასეთი სირცხვილები,
რომლებსაც მხოლოდ დედები ჭამენ,
დედები, რომლებმაც სათავისოდ ვერ გაზარდეს გოგოები,
დედები, რომლებმაც ქალის საქმე ვერ ასწავლეს გოგოებს,
ვერ მოამზადეს ცხოვრებისთვის,
ვერ მოამზადეს ქვეყნისთვის,
ქვეყნისთვის, რომელიც ცხელი კერძების სუნს დაყვება აღმა-დაღმა,
გამოგვილ იატაკს ნერწყვით დასველებული თითით ამოწმებს
და არაფერი აინტერესებს შენზე.

კიდევ კარგი, ვერ ხედავს ჩემი დედამთილი,
უფრო სწორად, კიდევ კარგი, დედამთილი საერთოდ არ მყავს.
მასაც გული ეტკინებოდა _
მეზობლებში ვერ მოიწონებდა თავს
ვერც რძლის მომზადებული სადილით,
ვერც მისი გახამებული თეთრეულით,
ვერც მისი სიმაღლით, ტან-ფეხით და გავლა-გამოვლით,
ვერ იტყოდა, რომ ანგელოზივით გოგო ვარ,
ვერ იტყოდა, რომ გადასარევად ვუკრავ ფოტეპიანოზე,
ვერ იტყოდა, რომ საოცრად მიხდება პომადა და თვალის ფანქარი,
რადგან არც ერთი გამაჩნია და არც მეორე.
მსგავსს ვერაფერს იტყოდა.
დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს,
დანარჩენს მეზობლები ვერ ხედავენ.

კიდევ კარგი, ჩემკენ საერთოდ აღარ იხედები,
კიდევ კარგი, ხან მთელი დედამიწა გვაშორებს,
ხან კი მხოლოდ ჩემი სიყვარული და შენი უსიყვარულობა.
შენც გული გეტკინებოდა,
როცა გეტყოდი, რომ ვერ გაპატიებ,
როცა გეტყოდი, რომ აღარ შემიძლია,
როცა გეტყოდი, რომ ვწერდი და შარვალი ვერ დაგიუთოვე,
ვერც სადილი მოვამზადე,
მხოლოდ ყავა და შაქარია სამზარეულოში და შეგიძლია,
ჭიქაში თვითონ ჩაიყარო.
ყველაზე მეტად კი მაშინ გეტკინებოდა გული,
როცა მიხვდებოდი,
რომ ჩემსავით არავის უყვარხარ,
მაგრამ ცხელი ჩახოხბილი მაინც მთავარია.

კიდევ კარგი,
საერთოდ აღარ იხედები ჩემკენ.