0 407

მდინარეები


პირველად იყო სიყვარული, ლაჟვარდისფერი,
გადაგვარჩინა გზის არევას სუნთქვის მარაგმა,
როდესაც გნახე, „შენი ხმალი, ჩემი კისერი“,
ვთქვი მე და ღმერთმა დედამიწა გადაალაგა.
პირველად იყო სიყვარული, სიტყვა არცერთი
მას არ უსწრებდა, ნუ იქნები სხვისი დამჯერი,
მე, სანამ შენზე სიმღერებს და ლექსებს დავწერდი,
წყალზე გავცვალე ჩემი წილი მიწის ნაჭერი.
და ჩემი წილი სიყვარული წყალში დავთესე,
რომ გაზრდილიყო, გაშლილიყო და გაეხარა,
რაღა თქმა უნდა, გავაჩუქე ყველა ანკესი,
რომ მდინარისკენ დაძრულიყო მთელი ქვეყანა,
რომ ესვათ ჩემი სიყვარული დოქით და პეშვით,
რომ არასოდეს შეეშალა ხელი მანძილებს
და სასწაული, მე რომელიც ვიპოვე შენში
დედამიწაზე წყლის წვეთებად გავანაწილე.
ბევრი ვიარე ნაპირ-ნაპირ, ხეების ჩრდილში,
და უცებ მივხვდი, შენი ნახვა როგორ მომინდა,
მკაწრავდა ტერფებს უშენობის მტანჯველი შიში
და შენი ლანდი გამოვიხმე წყალდიდობიდან.
მე ვდგავარ ახლა ფეხშიშველი, ღრუბლის მანტიით
და მონატრებას განთიადის სხივებთან ვიყოფ,
ჰო, მაშინ იყო სიყვარული უფრო მარტივი
და მოთმინებაც მაშინ უფრო მარტივი იყო.
პირველად იყო სიყვარული, თითქოს ლოდია
ყოველი სიტყვა, შენს გამო რომ უხმოდ შევები,
მე ვდგავარ ხიდზე და ვუყურებ _ ჩემკენ მოდიან
შენი თვალების უნაპირო მდინარეები.
კომენტარები (0)