ჩემი ენა მექსიკური წიწაკაა ..


ჩემი ენა მექსიკური წიწაკაა,
გრძელი და მწარე,
ყოველ საღამოს თაფლში ვავლებ,
ქვეშ ხმელ ხილსა და ქიშმიშს ვულაგებ _
არაფერი გაწყენინო,
არაფერი დამცდეს ისეთი,
რომ ვერ გადაყლაპო.
მე ხომ ყველაზე მეტად
შენი უკანმოუხედავად წასვლის მეშინია,
ამიტომაც არასდროს ვიძინებ,
თვალებს არასდროს ვხუჭავ,
გითვალთვალებ _ არსად გამეპარო,
ანდა ერთ დღეს ჩემთან მოსულს უცნაური სუნი არ მოგყვეს _
სხვა ქალის სუნი,
რომელსაც ვერცერთი ქარი ვერ გააქრობს ჩემი ცხოვრებიდან.
ტყის მწიფე მოცხარია ჩემი მუდამ ღია თვალის გუგები,
როცა გხედავ, ისეთი სიტკბო მეღვრება წამწამებზე,
თითქოს ფერდობს, სადაც ჩემი თვალები ყვავიან,
დილის მზემ გადაუარა,
თითქოს ნაადრევად დადგა ზაფხული,
ისეთი ნათელი ვარ, როცა გხედავ.
როცა შენ ჩემს სახელს ამბობ,
თითქოს მაღლდება მთელი სამყარო,
თითქოს ვმაღლდები მეც,
კენწეროებზე მაღლა ვირწევი,
თითებიდან მდინარეებს ვაძლევ დასაბამს,
ღრუბლები ფრთებად ამომდის და ჰაერში ვმოგზაურობ.
როცა მეხები, მე ვხედავ ჩრდილოეთის ციალს,
ფერადს და შორეულს, შენი სიზმრებივით,
მე ხომ ყოველღამე ვზომავ მანძილს
ჩემი სიზმრებიდან შენს სიზმრებამდე,
საშინელი მონდომებითა და მოთმინებით,
ღიმილითა და დუმილით,
ათვლის წერტილი აქაც ჩემი სიყვარულია,
ჩემი ზამთრის მზეზე დამწიფებული სიყვარული.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი