დეკემრის დილის წერილი


სარკეში ჩანან გასული წლები
და ყველაფერი უეცრად ხდება,
ის, რასაც მხოლოდ მე და შენ ვხვდებით,
რა საჭიროა, იცოდნენ სხვებმა.
 
რა საჭიროა, თან გვსდევდეს ხმები,
შენგან ვინ წავა, ჩემთან ვინ მოვა,
ან არსებობა ამ ვიღაც სხვების,
ნეტავ ვიცოდე, რა საჭიროა.
 
დგას ფანჯარასთან სიზმრების რიგი,
და გხედავ ასე _ ქუჩების იქით,
გძინავს ხელებში გაშლილი წიგნით
და გვერდით _ ყავის დაცლილი ჭიქით.
 
შენ არც კი იცი, დეკემბრის ქარი,
ეს, მე გავხადე ასე დამყოლი
და ვარსკვლავები გზის ყველა მხარეს
თანამგზავრებად გამოგაყოლე.
 
შენ უყურებდი, ოკეანიდან
ტალღები მზის შუქს როგორ რიყავენ,
და მთვარეც, ნათელს რომ გიგზავნიდა,
ალბათ არ იცი, ეს მე ვიყავი.
 
მე შენ მიყვარხარ დეკემბრის დილით
და თავს ამისთვის აღარ ვიმართლებ,
და ასე ჩუმი, ახლო და თბილი
მეღვრება მხრებზე თოვლის სინათლე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი