სამყაროთაშორისი წერილი მამას


გამარჯობა, მამა.
დიდი ხანია, შენთან ლაპარაკი მინდა,
ჩვეულებრივად,
ისე, როგორც შვილებს უნდებათ
მშობლებთან ლაპარაკი მაშინ,
როცა დიდობის ზღურბლზე ფეხდაცდენილები
ზურგით ეხეთქებიან ბავშვობის ოღრო-ჩოღრო მინდორს,
როცა ზრდასრულობა
ოთხმოცდაათიანი წლების ვალუტასავით უფასურდება.
როცა პირველად შემიყვარდა,
მინდოდა, მომეყოლა,
როგორ ფართოვდებოდა სამყარო,
როცა მას ვხედავდი,
თუ რაღაც ასეთი.
გადავიფიქრე.
როცა პირველად დავიბენი,
მინდოდა, მომეყოლა,
რომ ყველა მხარეს იყო სიბნელე,
მაგრამ ვერ მივხვდი, რომელ ცაზე უნდა მეძებნე,
ამიტომ ის გზა ავირჩიე,
სადაც ყველაზე მეტად ბნელოდა.
 
ახლა კი ვამბობ:
გამარჯობა, მამა.
ეს ზამთარი უცნაურად გავს ჩემი ბავშვობის ზამთრებს,
შიშითა და მოლოდინით აღსავსეს,
როცა თოვლში გისველდება ფეხები,
გისველდება და არ ამხელ,
დედას გული რომ არ ეტკინოს,
ჩემი ბავშვობის ზამთრებს,
რომლებიც იყვნენ ნაცრისფერი და დაუსრულებელი,
თოვლის ბაბუების და ელფების გარეშე,
როცა მივხვდი,
რომ თოვლის ბაბუებსაც ისევე აკლიათ სიკეთე,
როგორც ჩვეულებრივ ბაბუებს,
რადგან თოვლის ბაბუები არასოდეს მიდიან უმამო სახლებში,
რადგან უმამო სახლებში არასოდეს ანთია ბუხარი,
არც კვამლი ამოდის.
გამარჯობა, მამა,
ეს ზამთარი მიტოვებული ზამთარია,
მიტოვებული ადამიანებით,
თოვლის დადნობის რომ გეშინია _
მიწაზე შემხმარი გვამები არ შეგრჩეს.
ეს ზამთარი უპატრონო ზამთარია,
სადაც კიდევ ერთხელ მოვა უსუსური ახალი წელი,
რომელიც არაფერს მეტყვის.
იცი, მამა,
მე ერთხელ ვცხოვრობდი ფილმში,
სადაც ისმოდა ჩემი მუსიკა,
სადაც მე ვიჯექი პრიალა მანქანაში და მეკეთა ჭრელი შარფი,
სადაც მე მივდიოდი საყვარელ ქალაქში,
საყვარელ ქალაქში კი იყო ზაფხული და იყო ის.
ჰო, იმის მოყოლაც მინდოდა,
რომ კიდევ ერთხელ შემიყვარდა,
მინდოდა, მეკითხა, მოგწონს თუ არა,
მერე ჩემით გადავწყვიტე, რომ ალბათ, მოგწონს
და შენი შეწუხება გადავიფიქრე.
ახლა კი, როცა ზამთრის მისადგომებთან
ვდგავარ სრულიად მარტო
და ხეებს შერჩენილი ფოთლებივით ვითვლი მის სიტყვებს,
რომლებიც ასე გაიშვიათდა,
მე მინდა, გთხოვო:
მამა, უთხარი ღმერთს,
უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგოები,
რომლებიც საღამოობით სხედან ფანჯრის რაფებზე,
ერთადერთი ნათურის ქვეშ,
ნიკაპით ეხებიან მუხლებს
და ხელების ერთმანეთზე ჩაბღაუჭებით იკავებენ კანკალს,
რომლებიც დაღამებული თვალებით დასცქერიან
ბებიების მოქსოვილ წინდებში გახვეულ,
გამხდარ ფეხებს,
რომლებმაც საბნის ქვეშ კითხვაში გაატარეს ბავშვობის ნახევარი,
რომელთათვისაც წარსულს მხოლოდ გაიშვიათებული ნავთის სუნი აქვს,
რომლებსაც უკვე დაავიწყდათ,
როგორია მამებთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება,
კარაქიანი პურის და შოკოლადიანი რძის გემო,
საწოლთან აღმოჩენილი ცივი ფორთოხლების გემო,
ან, უბრალოდ, უდარდელობის გემო.
მამა, უთხარი მას,
ვინც სამყაროს ოთხივე მხარეს მირჩევნია,
რომ მხოლოდ შიშია ჩემი ამპარტავნების მიზეზი
და საერთოდ,
ყველაფრის მიზეზი შიშია.
 
მამა,
ეს ზამთარი
რატომღაც მაგონებს
ჩემი ბავშვობის ზამთრებს...
1 კომენტარი
anna maghlakelidze6 წლის წინ

ისეთია, სულს რომ აგიფორიაქებს და მთელს სხეულს პაწაწინა ბუსუსებით აავსებს.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი