0 1466

ამბავი უძინართა


მასვე, ღამისთევებისთვის

შუაღამე მშვიდობისა, საყვარელო.
მაშინაც შუაღამე იყო,
როცა პირველად დაგინახე
და ისე დაგიმახსოვრე,
ალბათ სიკვდილსაც გაუჭირდება,
გაგაქროს ჩემი დაღლილი და ავადმყოფი თვალებიდან,
ისე გაგაქროს, რომ შენი ლანდი ვეღარ ვიცნო
და დამავიწყდე.
მინდოდა, მეთქვა _
სიბნელეში უფრო ფერადია ჩვენი ბედნიერება,
რადგან ვერ ვხედავთ.
 
ბევრჯერ მინახავს, გზები თვალებს როგორ ახელენ
და ბევრჯერ მითქვამს, რომ ამ ღამეს ვერ გავათენებ,
და მიფიქრია _ დილის ხუთზე ჩვენი სახლები
გვანან ქალაქში გზადაკარგულ ციცინათელებს.
 
მე გიყვებოდი, რომ შიშებმა ისე დამღალეს,
კანი სიბნელეს შევატოვე და უმწიფარი
ძვლებით და ხორცით მოველოდი დიდხანს ამ ღამეს,
ვზარდე ბრაზი და აბჯარივით წინ ავიფარე.
 
როცა მე პირველად ვთქვი შენი სახელი,
მდინარეებმა ნაპირები გაიხადეს,
წამოდგნენ და უკანმოუხედავად დაიძრნენ ზღვისკენ,
როცა მე პირველად ვთქვი შენი სახელი,
მივხვდი _
ეს სიყვარული უფრო დიდი იყო,
ვიდრე მინდოდა, გამომეგონა,
ვიდრე ლექსების საწერად მჭირდებოდა,
ვიდრე მეგობრებისთვის სათქმელად მჭირდებოდა,
ვიდრე დროებითი დრამისთვის მჭირდებოდა
და ვთქვი:
შუაღამე მშვიდობისა, საყვარელო.
 
მე გიყვებოდი, რომ არ მჯერა უკვე მითების,
აღარც ზღაპრების, ტაბუების, იარლიყების,
მაგრამ სიზმრები მუდამ შენკენ მიმითითებენ,
მეც, სულელივით, ჩემს არეულ სიზმრებს მივყვები.
 
და ახლა ვამბობ, რომ ამ ღამეს მშვიდად ვათენებ,
სიზმრებს ვირიდებ _ თვალგახელილს ხელს ვერ მახლებენ,
და ისევ გვანან გზადაკარგულ ციცინათელებს
დიდი ქალაქის სიბნელეში ჩვენი სახლები.
 
შუაღამე მშვიდობისა, საყვარელო.
რამდენიმე საათი დარჩა გათენებამდე _
ასე ფიქრობენ სხვები
და ბალიშებს ებღაუჭებიან.
მე კი, როცა შენ გხედავ,
ასე მგონია,
ორი უზარმაზარი მზე მიწევს თვალების ფსკერზე
და ისე ვანათებ,
მთელ დედამიწას გადავწვდები.
შუაღამე მშვიდობისა, საყვარელო.
როგორ თბილა შენთან.
როგორ თბილა.
კომენტარები (0)