0 1222

ზაფხული. წერილი მეორე.


იყო ღამე და მოვდიოდი ხეების ჩრდილში,
იყო ღამე და ვარსკვლავების მსურდა თვალთვალი,
მე მახსოვს შიში, უშენობის უღონო შიში,
სიყვარულზე და მოლოდინზე უფრო მართალი.

იყო დილა და მზის სინათლეს ეძინა ჩემთან,
იყო დილა და მდარაჯობდა მთვარის აჩრდილი,
მე მახსოვს სევდა, უშენობის ფერმკრთალი სევდა,
ყველა წამიერ სიხარულზე უფრო ნამდვილი.

იყო შუადღე და მკლავები მწვდებოდა ცამდე,
იყო შუადღე და მწვდებოდა მიწა წელამდე,
მე მახსოვს დარდი, უშენობის უთქმელი დარდი,
შენამდე გავლილ სიცოცხლეზე უფრო ფერადი.

გიყვები ახლა: ამ ნაპირზე ზღვამ გამომრიყა,
ნუღარ გაამხელ, თუკი შევცდი, თუკი დაგღალე,
მე აღარ მახსოვს სიყვარული, რომელიც იყო,
მიწაზე მტკიცე, ზღვაზე ღრმა და ცაზე მაღალი.
კომენტარები (0)