ქუჩა აივანი გოგო ბიჭი


ქუჩა მანქანების ხმაურს ისრუტავს აივანი მოპირდაპირე აივანს გაჰყურებს
გოგო სიცხისაგან შეწუხებული აივანზე გამავალ ფანჯარას კეტავს
ბიჭი აივანზე გამოდის და სიგარეტს ეწევა

ქუჩა მძიმე ჰაერით სუნთქავს
ქუჩა ნაგვით სავსე პარკებს იჭერს
აივანი აივანს ეპრანჭება
აივანი ყვავილებით აივანს ეარშიყება
გოგო ფანჯარაში გამდნარ ვარსკვლავს ეთამაშება და იძინებს 
გოგო სიზმარს ეხუტება 
ბიჭი აივანზე დგას და ფიქრობს
ბიჭი სიგარეტს ამთავრებს და უნდა ყველაფერს მორჩეს

ქუჩა ცდილობს არ იფიქრობს
ქუჩა ცდილობს ისუნთქოს 
ქუჩა ცდილობს საკუთარი სიმახინჯე დამალოს
აივანი ცდილობს აივანს ეჩურჩულოს
აივანი ცდილობს ლექსი დაწეროს აივანზე
აივანი ცდილობს აივანს უმღეროს
გოგო ცდილობს ბიჭის სახე გაარჩიოს 
გოგო ცდილობს ბიჭს თავი მოაწონოს
გოგო ცდილობს არ გაიღვიძოს
ბიჭი ცდილობს აივნის კიდეზე აძვრეს
ბიჭი ცდილობს გადახტეს
ბიჭი ცდილობს არ გადარჩეს

ქუჩა უსულოა
ქუჩა ნატრულობს ადამიანთა ალერსს
ქუჩა სითბოზე ოცნებობს
ქუჩა პასუხად წიხლებს იღებს
აივანი სიცოცხლეს უმღერის
აივანი კოცნას უგზავნის აივანს
აივანი აივანს სიყვარულში გამოუტყდა 
აივანი აივნის მიჯნურია
გოგო დაცურავს ვარდისფერ ზმანებაში
გოგო ყვავილებს იღებს საჩუქრად
გოგო მზის სხივებშია ჩაძირული
გოგო იღვიძებს ხმაურით შეწუხებული
ბიჭი უკვე გადახტა შეყვარებული აივნიდან
ბიჭი ქუჩას დაეკონა
ბიჭი გოგოზე არ ფიქრობდა
ბიჭი თავით დაეცა

ქუჩა ბინძურია

აივანი ბედნიერია

გოგო იმედგაცრუებულია

ბიჭი მკვდარია
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი