სახეზე მომეჩრდილა თამბაქოს კვამლი ..

სახეზე მომეჩრდილა თამბაქოს კვამლი,
ქაღალდზე ასოები წაწვნენ მოთიბული თავთავებივით,
ფიქრმა დღე გუშინდელი მოინახულა გავლით,
და ლექსი ჩაითვალა გათავებულად.

გუშინ შუანა თითით ვერ გავხვრიტე „ყაზბეგის“
ცარიელი ყუთი.
და გული მომივიდა, როგორც მომდიოდა,
შარვალზე დადიოდა უთო,
როგორც ახალდაგებულ ასფალტზე ტრაქტორი დადიოდა.

ვარაზის ხევის ამოვსებას, როგორც იქნა, ბოლო მოეღო,
თბილისს მოემატა ახალი ქუჩა,
თბილისში მშენებლობას კარგი პირი უჩანს.
იქნება დაანგრიონ ჩვენი სახლიც
და ახალი ბინები დაგვირიგონ,
სიხარულით კედლებს თავს ვახლი,
მასალას მივცემ სატირიკოსს.

ღმერთო ჩემო, ეს ქვეყანა როგორ აირია,
ეხლა ცხოვრება სულ სხვანაირია,
ცხოვრება შარია,
ცხოვრება შაირია.