შოთა იათაშვილი - ფოტო

შოთა იათაშვილი

პოეტი, პროზაიკოსი

არის ბოლოს კაიც

ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ, განა?
არა გევხარ ქურდს და არა გევხარ განაბს.
შეამაგრებ მაინც ბირჟას ფეხზე დგომით,
სიგარეტის წევით, მშობლიური "გომით".

ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ, ვითომ?
იმ ყოფაში ხარ და თავს ამ ყოფით ირთობ.
სიკვდილების ცხადი მოგენატრა უკვე,
დგეხარ და ძველ ბიჭებს ძველ საქმეებს ურკვევ.

ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ, ნუთუ?
ერთგულია ცოლი, გააცხელა უთო.
გაგიმზადებს მალე კუბოსათვის შარვალს,
სიყვარული მოვა, სიყვარული წარვალს.

ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ მაინც?
ყველაფერი ცუდი არის ბოლოს კაიც.
გაფრინდება ჩიტი, მოფრინდება მუზა,
და დაღლილს და სულმკვდარს
თავში კარგ ლექსს გდრუზავს.