აღდგომა. 2004 წელი


რა მინდოდა ამ ქალაქში,
ამ კუბში,
რატომ დავყურებ ამ კუბში გამოჭრილი მართკუთხედიდან
მანქანათა სვლას,
რატომ ველი ალიონს და ხვალინდელ არეულ მოძრაობებს,
რატომ ხვნეშის დედაჩემი,
რატომ ფშვინავენ ბავშვები და ქალი ჩემს ზურგს უკან -
რა მინდოდა,
რა გვინდოდა ამ ქალაქში,
ამ კუბებში,
რა,
რა,
ცაში მთვარეა,
რა უნდოდა მას იქ,
ან დილიდან მზეს რა ენდომება -
ჩიტებს,
თვითმფრინავებს,
და რა უნდა ბესიკ ხარანაულის წიგნს ჩემს მაგიდაზე,
რა უნდა მის რეფრენს:
ბაირონი
უკვე
აღარ
გაიღვიძებს!
რა უნდა ძილს,
რა უნდა გამოღვიძებას,
ბაირონს რა უნდოდა XIX საუკუნეში,
როგორ დათვალეს ეს ყველაფერი:
საუკუნეები,
მანძილები,
ადამიანები,
რატომ დათვალეს,
ღმერთო, მიშველე,
რა მინდოდა ამ სახელმწიფოში,
რა მინდოდა ამ ეპოქაში,
ღმერთო,
ამ კუბებში, ამ ოთახებში,
ღმერთო,
აღდგომაა დღეს,
რატომაა დღეს აღდგომა,
რატომაა დღეს სიხარული,
რა მინდოდა აქ,
ბაირონი
უკვე
აღარ
გაიღვიძებს,
ვკითხულობ,
რაღაცეებს ვკითხულობ,
რატომ,
რატომ ვკითხულობ,
მეც დავიძინებ და ერთხელაც
უკვე
აღარ
გავიღვიძებ,
კითხვები გაქრება,
ან სხვაგან გადაინაცვლებს,
ჩემი გულისცემა -
რა უნდა მას,
აკაკუნებს, აკაკუნებს,
თითქოს რომელიღაც კარი უნდა გავუღო,
აკაკუნებს, აკაკუნებს, აკაკუნებს, აკაკუნებს,
ღმერთო,
რა გინდოდა შენ აქ,
ამ ქვეყანაზე,
ამ ქალაქში,
ამ კუბებში,
ამ ნივთებში,
რატომ იტანჯე, რატომ აღსდექი,
რატომაა აღდგომა დღეს,
ან სისხლი რატომ მოძრაობს ჩემს ძარღვებში,
არა,
კითხვები არ ილევა,
მივუჯდები მაგიდას, ვწერ,
ავდგები, მართკუთხედიდან თავს ვყოფ, ვეწევი,
ჩემს წინ აღმართულ კუბს ვუყურებ -
რატომა დგას ეს კუბი აქ,
ალაგ-ალაგ განათებული,
ალაგ-ალაგ სარეცხით შემოსილი, -
ვუყურებ, ნამწვს ჰაერში ვისვრი, ვბრუნდები მაგიდასთან,
წერას ვაგრძელებ -
რატომ ხდება ასე,
რატომ არ ილევა სიტყვები,
ფრაზები,
კითხვები რატომ არ ილევა -
ბაირონი
უკვე
აღარ გაიღვიძებს
ეს სხვისი რეფრენია,
მაგრამ რატომ გახდა უკვე ჩემი,
ეს ბავშვები -
საიდან გახდნენ ჩემი,
ეს ქალი, ამ ბავშვების დედა,
და დედაჩემი -
რატომ ვცხოვრობთ ყველანი ერთად,
რატომ ვსაუზმობთ ყოველ დილით ერთად,
რატომ ვვახშმობთ ერთად -
საოცრებაა,
და ქრისტე აღსდგა,
და კითხვები მაინც არ ილევა,
და რატომ მიყვარს ხანდახან ეს ყველაფერი,
და რატომ მაბეზრებს ხანდახან თავს, -
კვირა, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა -
და ყველაფერი თავიდან დატრიალდა,
და აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი,
ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი,
და ყველაფერი თავიდან დატრიალდება,
და მერე გაჩერდება -
რატომ ვფიქრობ ამზე,
რატომ ფიქრობს ყველა რაღაცეებზე,
რატომ აკაკუნებს გული,
რატომ არიან ჩუმად ყვავილები,
ქრისტე რატომ აღდგა,
რა მინდოდა ამ ქალაქში,
ცაში მთვარეს რა უნდა,
დილიდან მზეს, ჩიტებს, თვითმფრინავებს
რა ენდომებათ იქ,
გვიანია,
ბაირონი
უკვე
აღარ
გაიღვიძებს,
ადრეა,
ჯერ ძინავთ
ბავშვებს,
ცოლს,
დედას,
გვიანია... ადრეა...
ადრეა... გვიანია...
არც გვიანია
არც ადრეა
ქრისტე აღდგა
კითხვები შემცირდა
რა მინდოდა ამ ქალაქში
კითხვები შემცირდა, დაილია,
რა მინდოდა,
რა,
კითხვები დაილია უცებ,
ქრისტე აღდგა,
ჭეშმარიტად!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი