ნატურმორტი


დიდი ხანია, რაც აქა ვარ,
პურს ვჭამ და რკინას.
(მეტაფორა არ გეგონოთ –
მართლა ვჭამ რკინას,
მიყვარს ვაშლი,
მოვკბიჩავ და ვდებ მაგიდაზე,
და ვუყურებ,
როგორ ჟანგდება).

დიდი ხანია, რაც აქა ვარ.
წყალს ვსვამ და ტკბილ ცეცხლს.
(მეტაფორა არ გეგონოთ –
მართლა ვსვამ ტკბილ ცეცხლს,
აბზინდის მწვანე, ცხელ ნაყენში
შაქრის ნატეხი რომ ჩალღვება,
სულს ვუბერავ მხურვალე ჭიქას,
ვიყუდებ პირზე).

დიდი ხანია, რაც აქა ვარ.
ყვავილის და ლეშის სუნს ვსუნთქავ.
(მეტაფორა არ გეგონოთ –
მართლა ვსუნთქავ მე ლეშის სუნს,
ერთი კვირაა მაგიდაზე
ღორის ბარკალი მიდევს, დალპა,
აყროლდა და
დაესიენ ნეხვის ბუზები).

დიდი ხანია, რაც აქა ვარ.
აბსენტის ბოთლი ხელმარჯვნივ დავდე,
იქვე – ჭიქა. რამდენიმე შაქრის ნატეხი
მიმოვფანტე მთელ მაგიდაზე.
ბლაგვი დანა და ღორის ბარკალი –
მარცხენა მხარეს.
ყვავილების თაიგული და
მონაკბეჩი ვაშლი კი ცენტრში.

დიდი ხანია, რაც აქა ვარ.
პურს ვჭამ და რკინას.
წყალს ვსვამ და ტკბილ ცეცხლს.
ყვავილის და ლეშის სუნს ვსუნთქავ.
მზე ამოდის, ოთახს მინათებს,
მელოდება,
მერე ჩადის,
ისევ ამოდის.

დიდი ხანია, რაც აქა ვარ.
დიდი ხანია, რაც აქა ვართ.
დიდი ხანია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი