როგორ ქვეყნდება ყოველდღიური ქალაქი


უთენია იწყებენ მუშაობას ქალაქის კორექტორები და სტილისტები.
კრეჭენ ბალახს გაზონებზე,
შენობების ფასადებს ღებავენ,
გაწყვეტილ კაბელებს აერთებენ.
სტრიქონ-სტრიქონ მიუყვებიან ქუჩებს,
გამოცდილი თვალით აკვირდებიან:
ეს ძაღლი აქ ზედმეტია, მოვაშოროთ,
ამ ორ ხეს შუა საგაზეთო ჯიხურია ჩასამატებელი,
ბოლოში კი, სადაც ქუჩა მთავრდება,
ნაგვის ურნა უნდა დავსვათ აუცილებლად და
ახალ ქუჩაზე გადავიდეთ.
იქ დედანთან შესადარებელია სუპერმარკეტი _
ციტატა ამერიკული ყოფიდან,
რომელიც ახლახან დაიმოწმა ქალაქმა.
მოკლედ, საქმე ულევია,
მაგრამ ისინიც არ არიან ჯაბანნი.
ყოველ დილით მარადი სიბეჯითით
ცხვირს რგავენ მტვრიან ფოლიანტებში და
თავიანთ მოუთავებელ სამუშაოს უკირკიტებენ:
ქვაფენილის ამოვარდნილ ფილებს აგებენ,
დღესასწაულებისდაშესაბამისად საზეიმო ტრანსპარანტებს ცვლიან,
საგზაო ნიშნებს კიდებენ,
დღის ბოლოს კი გაკორექტურებულ და
სტილისტურად გასწორებულ ქალაქს
დასაბეჭდად აბარებენ რედაქტორ ღამეს.

წყარო: www.lyrikline.org

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი