მეგობარო


გაგა ნახუცრიშვილს

პრობლემა არაა სიკვდილი, მეგობარო!
შენ ზიხარ და მეც,
რათა მიწას დაჟინებით ჩავყურებდეთ ჭიანჭველებში,
ფრიალებენ კაფეების ჭრელი ქოლგები,
ჯვრები თრთიან ეკლესიების გუმბათებზე,
ის ცახცახებს სადღაც, მარტო,
სილამაზეატანილი,
დაჭყეტილი თვალებითაც კი ვეღარ ხედავს
მტრედების მიერ ლოდების კენკვას,
და არსებობა ღმერთის,
ანდა არარსებობა,
არაა პრობლემა, მეგობარო, გთხოვ, დამიჯერე...
მზე ამოვა,
რძე აიჭრება,
გასაღები დატრიალდება... ხვალაც,
ხვალაც შეერთდება სამი თითი უამრავჯერ,
კალმისტარი რომ დაიკავოს
ან პირჯვარი გადაიწეროს,
თუმც, მეგობარო,
სულ არაა სიყვარული პრობლემა ახლა...
შენ მღერი-ტირი,
მე წიგნს ვრეცხავ,
ის ვაგზალს ტკეპნის,
ცაში ღრუბლები ერთმანეთს ჩუმად ეჯახებიან,
ვარდებს ხმამაღლა ენატრებათ
გარდასული საუკუნენი,
და თავისუფლება არაა პრობლემა დღეს, მეგობარო...
კაფეთა თეფშები წრიალებენ,
ეკლესიების გუმბათებზე დროშებივით თრთიან
თხელი ანგელოზები,
ჩვენ, ყველანი, ცალ-ცალკე ვხტუნავთ,
და მონდომებით
ვცდილობთ თავი ავარტყათ ზეცას,
ანდა ვზივართ თავწახრილები,
ვცახცახებთ და მიწას ჩავყურებთ ჭიაყელებში,
და ვხვდებით, ვხვდებით მეგობარო,
რომ სიკვდილი აღარაა
უკვე პრობლემა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი