ოცდათორმეტი წლის ასაკში ..


ოცდათორმეტი წლის ასაკში, სწორედ ახლა,
დღეს რომ გამეგო პირველად რომ მოკვდავია ადამიანი,
ნეტა როგორ დავინახავდი
ჩემი სახლის და ქალაქის შეჩვეულ ნივთებს:
მაჯის საათს,
თეფშებს,
აფიშებს,
გარდაცვლილი წინაპრების გადიდებულ ფოტოსურათებს,
ბავშვის მანეჟს,
ლაბადებს და ფეხსაცმელებს,
და ქუჩაში ავტომობილებს.

ოცდათორმეტი წლის ასაკში,
გაცვენილი თმებითა და სუსტი თირკმლებით
პირველად რომ გამეგონა
სიტყვა „სიკვდილი“,
დედა, და, ცოლი, ბავშვი, ხალხი ქუჩაში და
მეგობრები, ნაცნობები, თანამშრომლები
ნეტა როგორ შეიცვლიდნენ კანის ფერს და
მათი მზერა, მანერები და ლაპარაკი
ჩემს გულს როგორ გაეყრებოდა.

ავიტანდი?
ვერ ავიტანდი?

ოცდათორმეტი წლის ასაკში,
სწორედ ახლა, ამწუთას რომ
პირველად ეთქვა ვიღაცას რომ
სუყველანი უნდა მოვკვდეთ ადრე თუ გვიან,
რა მოხდებოდა ამ ჩემს სულში,
ჩემს თვალებში,
თითისწვერებში -
ნეტა როგორ დავეყრდნობოდი ამის მერე
საწერ მაგიდას,
ნეტა როგორ გავაბოლებდი სიგარეტს და
ნეტა როგორ დავდგებოდი საბანაოდ ცხელი შხაპის ქვეშ -
ანდა როგორ შევახებდი ჩემს შვილს ხელს და გავიღიმებდი,
ანდა როგორ დავითვლიდი ხელფასამდე შემორჩენილ ფულს,
ანდა როგორ ვიცეკვებდი,
ანდა როგორ ვიკოცნავებდი,
ანდა როგორ,
ო, ვიცოდე ნეტა როგორ
ავაღერდი მაღლა თავს და
მზეს ზენიტში დავინახავდი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი