სანტექნიკოსების სევდა


მე და საშა კორნილოვი
ქუთაისიდან გამოგზავნილ 
საბარძიმე ღვინოსა ვსვამთ - 
ქრისტეს სისხლი მის თავადურ სისხლს ერევა -
და შუქი მოდის. 
უნიტაზი ამუშავდა,
გაიწმინდა გაჭედილი მილები და
შხაპიც შეკეთდა -
უხარიათ ბავშვებს.
საშას შვილი არა ჰყავს.
3 წლის წინ ცოლი მოუკვდა.
3 წლის წინ ცოლი მოუკვდა ტარიელსაც - 
ჩემს მეორე სანტექნიკოსსაც.
ტარიელი (თხინვალელი) შინაურია,
საშა კი მაინც ჯერჯერობით უხერხულად ზის.
სიბინძურეებს რომ ებრძოდა,
აღარც ეტყობა.
ოდნავჭაღარაშეპარული, დავარცხნილი თმა,
შარვალ-კოსტუმი,
დახვეწილი სახის ნაკვთები...
გაირკვა, რომ ტოლები ვართ.
ტარიელზე ვუყვები -
საქმეს რომ მორჩება,
როგორ წამოყრის ბავშვებს კომპიუტერიდან
და ფსონებს დებს,
და როგორც წესი, იგებს ხოლმე.
თქვენს სახლში მუდამ მიმართლებსო, - ამბობს,
მე კი ვეხუმრები, მოგების წილს ვთხოვ.
მე და საშა კორნილოვი
კოტე კიკნაძის გამოგზავნილ 
საბარძიმე ღვინოს ვსვამთ და 
ზარმაცებზე ვლაპარაკობთ.
ყველაზე უფრო ზარმაცებს უჭირთ - 
მეუბნება საშა, ჩუმდება, მერე ამატებს -
და იციან, რის გამოც უჭირთ...
შეგვიანდა. დროა გაუყვეს სახლისკენ გზას - 
მარტო ცხოვრობს ვაზისუბანში.
მარტო ცხოვრობს ტარიელიც:
„Ах, как не охота уйти!“ – 
რუსულ ფრაზას ურთავს საშა.
ვაჩერებ და დოქი გამაქვს,
ისევ ვავსებ.
არ უნდა საშას თავის სევდასთან მარტო დარჩენა.
არ უნდა ტარიელს თავის სევდასთან მარტო დარჩენა.
სანტექნიკოსის სევდა მაინც სხვანაირია -
სუფთა და მძიმე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი