შოთა იათაშვილი - ფოტო

შოთა იათაშვილი

პოეტი, პროზაიკოსი

0 136

ჩვეულებრივი დღე


ისე მარტო იყავი, რომ
მთელი დღე ჩართული ტელევიზორიც ვერაფერს გეუბნებოდა და
ის ტახტიც, რომელზეც იწექი და ჭერს აჰყურებდი,
არ გახსენებდა არც ჩემს თავს და
არც მამაშენის ავადმყოფობას და სიკვდილს.
ისე მარტო იყავი, რომ
შეგეძლო მშვიდად გერეცხა დანა-ჩანგალი და
ცხიმიანი ტაფები და საკუთარი ჭუჭყიანი თეთრეული.
ისე მარტო იყავი, რომ
აღარ ეძებდი ტელეფონის ნომრებს უბის წიგნაკში და
კარადის თაროზე შემოდებულ ფოტოალბომებს.
ისე მარტო იყავი, რომ
ბავშვების სათამაშოებით ერთობოდი და
ჭოჭინაში ძველი გაზეთები გელაგა.
ისე მარტო იყავი, რომ
გენატრებოდა ფინიკი, რომელიც ოდესღაც ჭამე და
მანდრაგორა, რომელიც არასოდეს გაგისინჯავს.
ისე მარტო იყავი, რომ
ზეპირად გახსოვდა ყველა თეორემის დამტკიცება,
ყველა ფიზიკური მუდმივა და
ყველა წაკითხული წიგნის სიუჟეტი.
ისე მარტო იყავი, რომ
უკვე აღარ გახსოვდა საკუთარი მარტოობა...
კომენტარები (0)