ჩავიხუტე და გადნა ..


ჩავიხუტე და გადნა -
იმიტომ, რომ თოვლი იყო.
შევინახე და დაობდა -
პური იყო.
გავფცქვენი და ამატირა -
ხახვი, ხახვი იყო!
დავაქუცმაცე და გამთლიანდა -
ჰო, ისიდა იყო.
ცეცხლი წავუკიდე და არ დაიწვა -
ტრივიალურია: ხელნაწერი იყო.
ვტეხე, ვტეხე და ვერ გავტეხე -
ჭეშმარიტად: კერკეტი კაკალი იყო.
მოვისროლე და აღელვებული უკანვე მომიბრუნდა -
სხვა რა იქნებოდა, ბუმერანგი იყო.
მოვკალი და ჩემი სამაგიდო წიგნის ფურცლებს შორის მოთავსდა -
ჰერბარიუმის ფოთოლი იყო.
კარგად დავაკვირდი და ქალი აღმოჩნდა -
ალბათ იმიტომ, რომ ყველანაირი იყო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი