ღამე


მეოთხე სართულის აივანზე
ვზივარ, ვეწევი ჩინურ სიგარეტს
და ვდარაჯობ უზრუნველად ჩათვლემილ ქალაქს...
ვდარაჯობ ქალაქს
და ვდარაჯობ ღამეს, რომელსაც
ძალზე ხშირად პარავენ ქალაქს...
ვდარაჯობ ცაცხვებს,
მათ უამრავი საიდუმლო იციან თურმე,
ვდარაჯობ სახლებს,
იქ უამრავი ჯერარმოსული სიყვარული და სიკვდილი ჩაბუდებულა,
ვდარაჯობ ალამს,
რომ ფრიალებს ქალაქის თავზე,
ეს ალამი მისი სევდაა,
ვდარაჯობ სევდას,
სიზმრებში რომ ჩაჰყოლია პატარა გოგოს,
ვდარაჯობ ლექსებს,
დაუდევარ პოეტთაგან ქუჩებსა და მოედნებზე
უშურველად მიმოფანტულებს,
ვდარაჯობ ხიდებს,
ბებრებსა და გადატყაულზურგიანებს და
ისინი ფხიზლად დარაჯობენ მდინარის შორ გეზს,
ვდარაჯობ ურნებს,
მეეზოვეებს უეჭველად დასჭირდებათ ისინი დილით,
ვდარაჯობ ქუჩის ლამპიონებს,
მათი თვალები სიყვარულით დაჰყურებენ
ბარბაც-ბარბაცით შინისაკენ მიმავალ მგზავრებს,
ვდარაჯობ ქუჩას,
რომელზედაც შენ უნდა შეგხვდე,
ვდარაჯობ ყურებჩამოშვებულ ტროლეიბუსებს,
გაჭირვებით, მაგრამ მაინც მომიყვანენ ისინი შენთან,
ვდარაჯობ ყველა ქანდაკებას,
ისინი დგანან, რათა შეგვეძლოს
ხანდახან მაინც ჩამოვსხდეთ და მოვეფეროთ ერთიმეორეს,
ვდარაჯობ ვაგზალს,
გადავსებულს ჩემოდნებით, ხმაურებით და იმედებით,
ვდარაჯობ იმედს,
რომ სულ მალე გათენდება აუცილებლად
და დავინახავ კვლავ ჩემს ქალაქს,
როგორც საშიშ და ლამაზ ზღაპარს და შევალ მასში,
და ის ჩემია და მე მისი ვარ და ის ალამიც,
ქალაქის თავზე რომ ფრიალებს,
ქალაქის და ჩემი სევდა,
და მე ვარ სევდა,
მე ვარ დარაჯი,
და ვდარაჯობ ღამეს და სევდას,
ვდარაჯობ ცაცხვებს,
ვდარაჯობ სახლებს,
ქუჩებს, პარკებს, ქანდაკებებს და ლამპიონებს,
ვდარაჯობ ქალაქს,
და მე ვიცი, რომ არავის დავუთმობ ქალაქს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი