ჟინდამცხრალი სიზიფე


სიზიფეს ბედს შევნატრი უკვე.
მწვერვალისკენ ლოდის თრევას,
ამ ლოდის მერე თუნდაც უკან ჩამოგორებას.
გაქრა ეგ დრო.
რახანია ხრიოკ ვაკეს მივუყვები.
არც აღმართი, არც დაღმართი.
მივაგორებ ხან ერთ ქვას და ხან მეორეს.
ფეხის წვერით, ან არგანით.
ქვებიც დიდი ვერაფერი:
ერთმანეთისგან მხოლოდ ზომით განსხვავდებიან.
ლამაზ, ჭრელ კენჭებს აქ ვერ იპოვი -
ზღვა ხომ შორსაა.
მივაგორებ.
წინ ჰორიზონტი შემაშფოთებლად გადაშლილა -
იგრძნობა, რომ კიდევ დიდხანს
მომიწევს ამ საქმის კეთება.
ყოველი ქვა – ერთი დღეა.
გადააგორებ ერთ ქვას – ერთ დღეს,
და მეორეს მიადგები.
ოდნავ უფრო მძიმეს ან მსუბუქს.
ანდა სულაც ზუსტად ისეთს…
და თავიდან.

მოწყენილი სიზიფე ვარ.
ჟინდამცხრალი.
საკუთარ ბედს საბოლოოდ შეგუებული.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი