ტიროდა ბავშვი ზემო სართულზე..

ტიროდა ბავშვი ზემო სართულზე,
დიდხანს ტიროდა, მწარედ ტიროდა,
ღუნღულა ხმები და გაზაფხული
იფიფქებოდა სანაპიროდან.

დღე იყო ნედლი... გამბრუებელი
ჩვილის პერანგით თუ რძის სურნელით,
ქვეყნის პირველ დღეს როგორც შეჰფერის,
მსუბუქი, მშვიდი და უზრუნველი.

იქნებ ამ ბავშვის ხმის მოსასმენად
ხეებს მოაწყდნენ ანგელოსები,
მათაც ბავშვობა თუ გაახსენდათ
და წარსულს ყოფას ჭვრეტენ ოცნებით?!

იქნებ იმათ ფრთებს დაცვივდა ღინღლი,
ყვავილის მტვრად რომ ბრუნავდა ირგვლივ?

ცვიოდა ხმები–სულის ამწეწი,
და უტკბილესიც, უნეტარესიც
ჩიტი კენკავდა ამ ხმის ნამცეცებს,
რომ შემატოდა ხმაში ალერსი...
................................................
...ის მოდიოდა და ჩერდებოდა,
სახეზე ღიმი გადასდიოდა,
აჩერდებოდა სართულ ქვემოდან
და თავს აქნევდა
                                   და მიდიოდა.

ახსენდებოდა რაღაც ისეთი
წმინდა მარადი და შეურყვნელი,
რაიც ტოლია რწმენის, იმედის,
ვით ერთმანეთთან–ფრთები, უღელი.

აჩერდებოდა სართულს ქვემოდან,
სახეზე შუქი გადასდიოდა
და მიდიოდა
                               და ჩერდებოდა
და თავს იქნევდა
                               და მიდიოდა...

წყარო: litklubi.ge