ბავშვობაში ნაპოვნი მაუზერი

ჯერ კიდევ პატარამ სარდაფში გიპოვნე
ვეება ხის ბუდით... და შევკრთი თვითონვე

და ცხენის ფეხივით გაფშეკილს
წელზე გიკიდებდით მეზობლის ბავშვები

მაუზერ–„წითლები“,
ხის ბუდეს–„თეთრები“,
ისიც, რა თქმა უნდა, ჩხუბით და ყვედრებით.
ეგ შენი ჭიხვინი

                              ჟრუანტლად მივლიდა
და რაღაცნაირად ამშლიდა
ჯერ სამოქალაქო ომების ფილმიდან,
მერე მაიაკოვსკის „მარცხენა მარშიდან“,
შენ რევოლუციამ შეგმართა მჯიღივით,
გარგუნა მესაყვირის ბედი,
იყავ დატენილი ჭიხვინით
და მტერს ულაყივით კბენდი.
ის დღე მართლა იყო ქუში და უმზეო,
როცა ჩაგაბარეთ მუზეუმს.
..................................................................
იარაღს
დიახაც ვაბარებთ მუზეუმს,
მაგრამ რომანტიკის დაფლეთილ დროშას
დაბლა ნუ დავხრით, ბიჭებო, უმწეოდ
იგი კვლავ ჭირდება ჩვენს მღელვარ დრო–ჟამს.