0 7643

დედები


ყველა ბაზრის თუ საყდრის კუთხეში,
ყველა ქუჩაზე სადაც შევივლი,
მხრებჩამოყრილი და უნუგეშო
ზის ვიღაც ქალი ხელგაშვერილი.

ვისი დედაა ეს ქალბატონი?
ეს მომტვრეული ციხის ქონგური?
მისი იმედი, მისი პატრონი
აფხაზეთშია იქნებ მოკლული.

ყველაფერს ხედავს მაცხოვრის თვალი
და ბედიც მიტომ აღარ კადრულობს,
ამ ქალის ხვედრში ვის უძღვის ბრალი,
თუ არა შეშლილ მთელ საქართველოს.

ო, ღმერთო, რატომ მომტეხე მხარი,
რად დამატეხე რისხვა ზეცათა:
საწყალი დედა, ოცი წლის მკვდარი,
აქ ცოცხლად როგორ გამომეცხადა!

თვალები თითქოს გადამებინდა,
ყელში რაღაც მწვდა მომაშთობელი
და ხელგაშვერილ ამ ზმანებიდან
მიყურებს დედაც... და ღვთისმშობელიც...

ქალი _ თეთრი თმის შარავანდედით,
ქალი _ უმწარეს ბედით დევნილი _
ვაითუ, მართლა უფლის დედაა,
გამოსაცდელად ცით მოვლენილი.

შიშით და ელდით მიფეთქავს გული,
ჩემსავით ალბათ სხვებიც შიშობენ.
როგორ გავბედო და ხურდა ფული
როგორ ჩავუდო ხელში ღვთისმშობელს...
კომენტარები (0)