0 2390

მისტიკური წუთი


შენ დამიძახე ერთხელ სახელი
და, როგორც ვაზი აეკრას ჭიგოს,
სვეტს ავეკარი და ვცახცახებდი:
"ეს ერთხელ მოხდა...ეს ერთხელ იყო"

ასეა ზოგჯერ ჭირში თუ ლხინში,
ვმხიარულობ და სამძიმარს ვიყოფ,
უეცრად ისევ ამიტანს შიში:
"ეს ერთხელ მოხდა...ეს უკვე იყო"...

გავივლი ზოგჯერ უცხო სანახებს
მებორნისა თუ მეტყევის ქოხთან–
ნეტარებით და შიშით ვცახცახებ:
"ეს ერთხელ იყო...ეს ერთხელ მოხდა"–

და იმ ერთადერთ საშინელ კითხვას
გავურბი, როგორც ცალთვალა ციკლოპს,–
სხვა ცხოვრებაში თუ კიდე ვიტყვით:
"ეს ერთხელ მოხდა...ეს ერთხელ იყო"?...

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)