ქალმა თეთრეული გამოფინა


ქალმა თეთრეული გამოფინა
და თოკზე სიზმარიც გადაჰკიდა,
სიზმარი შეირხა და აფოფინა
გასვლა მოინდომა ქალაქიდან.

თითქოს დასაჭერად დაედევნენ,
უცებ პეპელასებრ აფახულდა,
როგორც უხილავმა მანეკენმა,
ტანზე გადაიცვა გაზაფხულმა.

ერთი აბლაბუდა პერანგია,
ცისარტყელასავით ტანხატულა,
ისეთი ცბიერი და ვერაგია,
შიგ ბევრის მზე გახლართულა.

ქარმა აისრულა განზრახული
პერანგში შეძვრა და გაილურსა,
სუსტი,კაფანდარა გაზაფხული
უცებ შემოდგომად დაიყუსა.

თოკზე სიზმარია გაკიდული,
რძის და გაზაფხულის სურნელია,
ყველა ფანჯარა და ცხრაკლიტული
კვირტივით დახსნის მსურველია.

მიფრინავ პერანგი რია-რია
ფრთასავით მოქნეულ სახელოთი...
ბევრისთვის მწარე სიზმარია
და ერთ-ერთს კეთილად ახდენოდეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი