0 5793

ხევსური


სამასი არაგველის ხსოვნას
I
ზაფხულში, არაგვზე, სალუდე დუქანთან,
უკრავდა დაირა და დათვი ბუქნავდა.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,
სიცხე ძუნძულდება მთლად დათვისნაირად.
ღრეობდნენ ხევსურნი... და ზორბა ხინკლები
პეშვიდან სხლტებოდნენ,
როგორც თხის ჯიქნები.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეფინათ ხაშხაში,
აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში.
გზაზე კი სურათი კაცს ღიმილს მოჰგვრიდა:
ერთ ახმახს იაბო დაუფრთხა ბოგირთან.
რაც ვნახე, როგორ ვთქვა ან როგორ გიამბოთ,
გოლიათს ლაჯებში მოეხრჩო იაბო.
ჩამოხტა დევკაცი და ცხენი მშიშარა
ვეება იღლიის ქვეშ ამოიჩარა.გადმოვლო ბოგირი და მთვრალი ხევსურნი
შემოხვდნენ ყიჟინით აზარტში შესულნი.
ჩამოსვეს, მაგიდა ჩასცილდა მუხლისთავს,
ჯამში აშიშინდა თვალები ბუღისა.
რაც იყო სუფრაზე _ ერთიან მოხოცა,
დათვიც კი დააფრთხო იმისმა ხორხოცმა.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეკიდათ ხაშხაში,
აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში,
ურთიერთს ხანჯლებივით უღერდნენ ტაეპებს
და ჰგავდნენ ლანდები წარმართულ ღვთაებებს.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,
სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.
ცხენს გადაახუხა ხევსურმა არაყი.
დეზი ჰკრა და... ფეხით გასტოპა არაგვი.როდესაც სიკვდილი იქ, ბარში, მოყვრებთან
ვენახებს მოხრავდა და
მტკვრის წყალს მოხვრეპდა,
მთიდან ჩამორბოდნენ ხარები ბარადა
და რქებით ჩხვერავდნენ კრწანისს თუ მარაბდას!
მთიდან ჩამორბოდნენ,
მტრის ჟლეტა ნებავდათ _
და ბარში რჩებოდნენ სამარის ჯვრებადა.
ბარში მოდიოდნენ `ვოჟები~ კერკეტა _
მთაში ბრუნდებოდნენ ზღაპრად და ლეგენდად.
და სიკვდილს,
სიმწრისგან ყელზე რომ დაადგა,
ხევსურის ფარია სხვა მრავალ ფართაგან.
ე მაგის სისხლია, ე მაგის ძვლებია,
ჩვენს ქართულ ციხეებს რომ ჩაფიცხებია.
ე მაგის სისხლია, ე მაგის სინდისი,
ომში რომ არ წავხდით სიკვდილთან პირისპირ.
მის გორდას მამულის გზა გაუკაფია,
გორდასებრ ჩინჩხლებს ყრის ე მაგის კაფია.
მოდის საქართველო ე მაგის ჯიშისა,
რომ მტერი ვერაგი კვდებოდეს შიშისგან!
კომენტარები (0)