მშურს, მეხარბება ჩემი წინაპრის ..


მშურს, მეხარბება ჩემი წინაპრის,
სანთლებს ანთებს თუ ციხის ჟიჟილებს,
ხარებს მიდენის თუ ცხენს მიაფრენს,
ტაძარს აგებს თუ მტერს მიჰყიჟინებს,
დროს ჩუქურთმები ვერ გაუქურდავს,
ღია სარკმელში ზეცა იღვრება…
როგორც ბელტებზე ჩიტების გუნდი,
მძიმედ სხდებიან ზედ თარიღები.
მეციხოვნეა? – აქვს დასაცავი,
განდეგილია?!.. – აქვს სალოცავი,
სულში ცასა და მიწას აზავებს,
ერისკაცია და ღვისმოსავი.
გუთანს ჰკიდია და ლესავს ნამგალს,
მეციხოვნეა და ღვთისკაცია,
ღამეებს ტეხავს და წიგნებს თარგმნის,
ანაფორის ქვეშ ჯაჭვი აცვია.
სად გაჰქრა უფლის რწმენა და შიში,
რატომ მოიშთო და გატიალდა?
რად უნდა მშრდეს მე, დღეის პირმშოს,
ძველთა წარმართთა თუ ქრისტიანთა?
ვენახში შედის თუ ომში შედის,
მხარზე ვუზივარ სტვენა-ღიღინად.
მისი მფარველი სული თუ ბედი
სიკვდილის სუნთქვით ვერ გაიყინა.
ღმერთო, მომეცი მლოცველის შიში,
შიში, რომელიც სიხარულს მომგვრის,
ხოლო ამ დღეებს ცხადშიც და ძილშიც
განჭვრეტდე, როგორც მომავლის ჭოგრიტს,
სხვა შიში აფრთხობს ადამის მოდგმას,
ახლანდელ დროში ვინც დაიბადა
სჯობია ისევ ღვთის შიში მქონდეს,
ვიდრე უღმერთო ადამიანთა.
ხელში მიჭირავს მზით დაფერილი
კალამი, ურო, ქაფჩა, წერაქვი
და ტანთ მაცვია, ძველ იბერივით,
სამოსელის ქვეშ ჯაჭვის პერანგი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი