0 3203

რომი


ლაპლაპებს მახვილი, ბრკიალებს მონეტა,
ოქრო და ბრინჯაო მზისფერია,
ღმუის იმპერია მონათა,
ღრეობს სენატორთა იმპერია.
აჰა, გაიბოტა, ატოტდა გრიგალი –
ნახტომი, ღიალი ლომის –
რომი აიჯაგრა და წამოიგრაგნა,
რომი!
რომი!
რომი!
გრძელ-გრძელი შუბები, ვეება ფარები,
მახვილი ურიცხვი ზომის,
რკინის და სპილენძის ჩახჩახა ღვარები –
რომი!
რომი!
რომი!
შემოდის დროშების, აფრის გაშლით
სამყარო ორგიის და ტყვრომის,
რომი – აზიაში,
რომი – აფრიკაში,
რომი!
რომი!
რომი!
მოჰყავთ გალიებით აფრიკის სიცხეები –
მზისფაფრიანი ლომები!
კაპადოკიაში ტაროსი იცვლება,
კაცს აღარ დაედგომება.
გისოსებს ლოკავენ განაზებით
აფრიკის ღამეები –
ავაზები…
რომს ვერ გაექცევი, ვერ გადაურჩები,
სიკვდილსაც გაექცე რომც!
რომს მიჰყავს მონებად მონობის ურჩები,
რომს!
რომს!
რომს!
კვიცივით აჩეხეს ლამაზი კოლხიდა,
ხარივით გამოღადრეს პონტო…
კვამლი ნახირივით ლოღნიდა
ისრებით დაცხაულ ფოთოლს…
იომა…
ივაჭრა…
იმრუშა…
ილოთა…
დატვირთა ქარავნები აქლემთა, სპილოთა…
გზებიც კი, გზებიც კი, წაასხა ტყვეებად
ყველა:
პატარა თუ
დიდი.
იკვეხნის, რომის მჭერმეტყველება:
ყველა გზა
რომში
მიდის!..

II
შუბებით გაწეულ ჰორიზონტებს,ყიჟინით რეტდასხმულ ისტორიას,
როგორც სისხლიან პალმის ტოტებს,
რომის ლეგენდები მისწოლიან.
სკიპტრის და მახვილის მოკლეა საჭრეტელი,
ამაოა და ფუჭი.
მას გამოისყიდის საჭრეთელი,
აანაზღაურებს ფუნჯი.
მოვლენ თაობები,
მოვლენ და ჰპოებენ
ქვის და მარმარილოს ლეგენდა-პოემებს.
რომი ლეგენდაა ასაკითაც,
ღმერთების ტოლი და ხიბლია –
რომი – მატიანე გარდასულ დღეთა;
რომი – ძიების და წვდომის,
რომი – ხელოვნების ადგილის დედა,
რომი – შემოქმედი რომი.
კომენტარები (0)