0 953

ილია მურომეცი


მოფრინავენ ბილინები, მოფრინავენ წეროებად,
მგალობელი მათხოვრები ირევიან ჩეროებად,
მხარს ჰკიდიათ საკრავები და ნათელიც დასთქრიალებთ,
როგორ გვანან ანგელოსებს, ანგელოსებს ცალფრთიანებს.
გალობითა ღვთიურითა აღვიძებენ ფალავანს;
ქოხი იქცა ციხე-კოშკად და მესერი გალავნად.
ასვეს ცათა გალობანი
იდუმალი ამაღლების,
ასვეს მიწის წყალობანი –
ჯადოსნური ბალახებით…
გაიღვიძა… გაიზმორა… დაიხურა მზის ჩაჩქანი,
ცხენზე შეჯდა…
ლომა-ცხენი სიმძიმისგან მიჩაქჩაქებს.
ბუნებამაც გაიღვიძა. ახდა განზრახული,
აჯანყდა, კვირტებიდან გადმოხტა გაზაფხული.

– აღსდექი, აღსდექი, ტანჯულო რუსეთო,
წმინდანების ქვეყანავ, ცრემლმოუწმენდო,
რახანია კიევში თათრის ყაყანია,
ჩალმებზე აფხორილან მამლის ბიბილონი.
ოი და კიევი რახანია,
ზრიალებს, როგორც ბაბილონი.
ისრით გაძეძგილან ტაძრის გუმბათები…
მაგრამ გროვდებიან დნეპრზე გულადები.

ოი და რუსეთში ყვავები მოძალდა,
მოძალდა ზუზუნი ისართა, ბოძალთა.
ოი და ყვავები ავი ზრახვებია,
ოი და სიკვდილს კვალში დაჰყვებიან.
ყვავების ყაშყაში, ცხენების ჭიხვინი
სტეპებს ეფინება ჭირხლივით…

ილიამ ჰორიზონტი მოიწოდა,
მოზიდა გოლიათის ნებით,
მშვილდივით მოზიდა ჰორიზონტი,
ისრებად გატყორცნა გზები.
ტანზე აიფარა ველი კულიკოვოს,
დნეპრი შემოირტყა მახვილად,
გაფრინდა… ისარი უკან მოიტოვა
და მტერს იმნაირად დაჰყივლა:
ტყეები დაიფურცლა…. მინდვრები გადახმა.
მოისრა ურჯულო გალავნებს გადაღმა.
და გველისპერანგა დროშები,
სოკოდ მოფენილი კარვები,
როგორც ცეცხლოვანი ფოჩები,
ველზე დაიქსელა ქარებით.
ამსუყდა ტრამალი კუზიან ყორღნებით,
ახრჩოლდა
აბოლქვდა
ყვავებით… ყორნებით…
მოისრა –
მართმადიდებელი მამულის გულისთვის.
მოდის გოლიათი ილია მურომეცი,
– სალამი უღრმესი!
– მადლობა უღრმესი!

სადაც ტრამალებია
და ზღაპარი არყისხეთა,
სადაც კაზაკს ხალხის სული დევგმირობას აკისრებდა,
ფარფატებენ ბილინები წეროების დასტად
და გადააქვთ მომავალში ისტორიის განცდა.

ფრთები და ყივილი სივრცეებს ეძგერა –
წეროების მწკრივი – ბუნების ხელწერა…
კომენტარები (0)