ბალადა კაპიტანზე


I
ასეთი ბიჭუნა სადღაც მყავს ნანახი.
ვეება ჩექმები,ვეება ფაფახი,

დიდებს და ძლიერებს სულ ყინჩად უდექი.
ისეთი მხნე იყავ, ისეთი უტეხი,

ისეთი, ღმერთმანი, კაცს ღიმილს მოგვრიდი:
ჩაპაის ვარსკვლავთან მეკობრის ჭოგრიტი.
ჩაპაის ფაფახთან კაპიტნის კორტიკი ?

გიყვარდა წიგნები კრაზანა , ”სპარტაკი”
კრივი, ჭიდაობა, ბურთი და ჭადრაკი,

მარცხი და წაგება არასდროს არც ერთი!
მართლა არაფერი მინახავს ასეთი:
მოგებულ მეტოქეს სულ იკან დასდევდი,
არ გსურდა, არ გწამდა წაგება არც ერთი .

– ერთხელაც, ერთხელაც, ხელახლა! თავიდან!
მეჩხუბე,
მეჭიდე,
მომიგე, რა გინდა!

გიყვარდა მოხმობაგარდასულ გრიგალთა
და სამოქალაქო ომები გიყვარდა.

გქონდა დაჩხაპნილი წიგნების გვერდები,
გიყვარდა წითლები და გძულდა თეთრები

იბრძოდი დაჭრილი, მთლად ღონემიხდილი
და თუკი მოგკლავდნენ, არ გსურდა სიკვდილი.

ყვიროდი ‘`ხელახლა! თავიდან,თავიდან !”
ბრაზობდნენ ბიჭები ”მკვდარი ხართ, კაპიტან ! ”

-ხელახლა ! თავიდან! არა, არ ითვლება !
ასე არ კვდებიან ბიჭებო წითლები . -დუტ შოთა

II
და როცა წლები და ბავშვობა გავიდა,
შენ მართლა დაეცი ბერლინთან კაპიტან!

იქ ნამდვილ სროლაში , იქ ნამდვილ სანგარში,
ნამდვილად დამთავრდა სიკვდილთან თამაში

ნამდვილად კვდებოდი და არა გჯეროდა,
წვეთავდა სიკვდილი წარბების ჩეროდან.

გინდოდა გეყვირა : ”ხელახლა! თავიდან! “
ტიროდნენ ბიჭები ”ნუ ღელავთ კაპიტან”

ეჰ, ხვეწნა-მუდარა არ ჭრიდა სიკვდილთან
და ისე კვდებოდი, სიკვდილი გიკვირდა

დიახ, სამშობლოსთვის ხელახლა მოვკვდებით,
ხელახლა ვეცემით მტერს გაბოროტებით.

ხელახლა! ხელახლა! თავიდან ,თავიდან!
კაპიტან, მომწონხართ,
სწორი ხართ, კაპიტან!

III
ხელახლა! ხელახლა! თავიდან! თავიდან!
მეც მინდა,
მეც მინდა, მოგბაძოთ კაპიტან

და თუკი ვეცემი და თუკი ვმარცხდები,
ჩემი დამარცხება არ მჯერა არც ერთი.

არც სიტყვა, არც ბედი არ მიყვარს უკმარი,
მეც ვებრძვი, მეც ვუტევ ხვეწნით და მუქარით,

ერთხელაც მეჭიდე, ერთხელაც წყეულო,
მარცხსა და წაგებას არა ვარ ჩვეული.

ხელახლა! ხელახლა! თავიდან თავიდან!
მიზანსაც მივაღწევ, ლელოსაც გავიტან.

და თუმცა ცხოვრება უჩინარად გავიდა,
შენსავით დავეცე-მზადა ვარ, კაპიტან!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი