ბიჭო გოგია


ჭალაში აპრილს ირემივით ჩაუჩოქია…
მოლაღურები დაგეძებენ, ბიჭო-გოგია.

ო რა ხანია დაკარგულა შენი ღიმილი,
სატრფოს კაბაზე ამწყდარ ღილივით…
შენი საფლავი კი ყურღანზე, სადღაც ქერჩშია…
შენ კი ჩვენებურ ხვილიფებში წოლა გერჩია.
ნუთუ ღრუბელი ჯავრიანი და მოწყენილი
არ დაგფენია სამარეზე მამის წვერივით.
ნუთუ საფლავზე ცხელი წვეთი არ დაგცემია,
ბიჭო, ის წვეთი დედის ცრემლი, სატრფოს ცრემლია.
ნუთუ ღრუბელმა, გადმოსულმა საქართველოდან,
არ მოგიტანა სურნელება ქართულ მდელოთა?
მოლაღურივით იმ იდუმალ მარტოობიდან,
ბიჭო გოგია, შენი სული ხომ არ მოფრინდა?

ჭალაში აპრილს თეთრ მუხლებით ჩაუჩოქია
და რქებით მოაქვს გაზაფხული, ბიჭო-გოგია,
მიწაც დაუხნავს, ქვამარილიც აულოკია…
მოდის ჭალებში სტვენა-სტვენით ბიჭი-გოგია…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი